ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში, თეატრმა "ლიანდაგმა" პირველ პრემიერას უმასპინძლა

ქუთაისში, თეატრმა „ლიანდაგმა“ პირველ პრემიერას უმასპინძლა. ახალ დამოუკიდებელ სივრცეში, გუშინ მაყურებლის წინაშე „ბერსერკები: ფილოკტეტე“ წარდგა.

ახალგაზრდა რეჟისორმა გიორგი ჯამბურიამ მსახიობებთან ერთად 1980-90-იანი წლების გერმანიის და ზოგადად, ევროპის საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურის ჰაინერ მიულერის პიესის სრულიად თანამედროვე, "ბერსერკული" ვერსია შექმნა.

ჰაინერ მიულერი "ფილოკტეტეს“ საკუთარ ვერსიაში ანტიკურ მითს ეყრდნობა და ოდისევსის მიერ მოტყუებული და ბერძნებისგან განდევნილი გმირის ბედისწერას უტრიალებს, იგი იკვლევს კოლექტივიდან განდევნილი ინდივიდის არსობრივ პრობლემატიკას, რომლის იმავე კოლექტივში დაბრუნებაც მხოლოდ უაღრესად რთული და მტკივნეული გზითაა შესაძლებელი. ეს დრამატული სიტუაცია - კოლექტივისა და ინდივიდის, იძულებისა და ავტონომიის დაპირისპირება საკმაოდ რადიკალური ფორმებით იკვლევს იმ ფუნდამენტურ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ საკითხებს, რომლებიც დიდწილად განსაზღვრავენ ჩვენს თანამედროვეობასაც. როგორ ექცევა უმრავლესობა უმცირესობად აღქმულ ადამიანებს? რას შეიძლება ნიშნავდეს განკვეთა და განდევნა თანამედროვე სოციუმში? რა ფასი შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებისგან სრულ დისტანცირებას? რას ნიშნავს ნამდვილი ერთგულება და ლოიალურობა? სად გადის სოლიდარობის საზღვრები, მაშინ როდესაც სასწორზე პოლიტიკური თუ მილიტარისტული ინტერესები დევს?

მე-20 საუკუნის 60-იან წლებში შექმნილ „ფილოკტეტეს“ დღემდე არ დაუკარგავს თავდაპირველი პოლიტიკური და ესთეტიკური აფეთქების პოტენციალი და „ბერსერკების“ შემოქმედებითი ჯგუფის აზრით, მისი პირველი ქართულენოვანი ინსცენირება ჩვენს თანამედროვე პოლიტიკურ თუ სოციალურ კონტექსტში შეიძლება იქცეს უაღრესად საჭირბოროტო რეფლექსიად ძალაუფლების, ღალატის, სოლიდარობისა და ინდივიდის ინსტრუმენტალიზაციისა და დეჰუმანიზაციის თემებზე.

"ბერსერკები“ ევოლუციური თეატრალური პროექტია, რომელსაც პროექტის შემოქმედებითი ჯგუფი ახალ-მისტერიულ თეატრად ახასიათებს. „ბერსერკები“ არის ერთგვარი მითი-თამაში, რომელიც კონკრეტულ ეპიზოდებში ცოცხლდება თეატრალურ სცენაზე. გარკვეულწილად, ესაა თეატრალური სერიალის ექსპერიმენტი. პროექტი მოიცავს სხვადასხვა სახისა და მასშტაბის სპექტაკლებს, პერფორმანსებს და ჰეფენინგებს, რომელთაც საერთო მეტა-ნარატივი – პროექტის მონაწილეთა მიერ თანაავტორობით შეთხზული მითი აერთიანებს. სწორედ ამ მითური პერსპექტივიდან ხორციელდება სხვადასხვა ბერსერკული ნაწარმოებები, რომელთა შექმნისასაც ტრადიციული თეატრალური პროცესის იერარქიული სტრუქტურა ირღვევა და მის ადგილს ერთგვარი ანარქისტული, პანკური ჟესტებით სავსე საერთო თავგადასავალი იკავებს.

თეატრი „ლიანდაგი“ ნიკო ნიკოლაძის კლუბის ახალი, დამოუკიდებელი სივრცეა, რომელიც ქუთაისში თანამედროვე თეატრისა და კულტურის განვითარებას ისახავს მიზნად. ის საშემსრულებლო ხელოვნების მოყვარულებმა და ენთუზიასტებმა დაუღალავი შრომის შედეგად შექმნეს. თეატრი „ლიანდაგი“ ეცდება შეავსოს ის ერთგვარი კულტურული სიმწირე და ვაკუუმი, რაც სამწუხაროდ, დღეს ბევრ ქართულ რეგიონს თუ პატარა ქალაქს ახასიათებს და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქუთაისის ისტორიული იდენტობის, როგორც ქართული კულტურის ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრისა და ქვაკუთხედის აღდგენასა და მომავალ განვითარებაში. „ლიანდაგი“ ოფიციალურად 2025 წლის 16 სექტემბერს „ოპუსით“ – კლასიკური მუსიკის საღამოთი გაიხსნა და ახლა კი საკუთარ სცენაზე პირველ თეატრალურ წარმოდგენას ელის.

სპექტაკლის პრემიერები კიდევ ორ დღეს გასტანს. მაყურებელს ქუთაისში, ახალ დამოუკიდებელ სივრცეში - "ლიანდაგი" 8 და 9 ნოემბერს 20:00 საათზე კვლავ შეუძლია იხილოს "ბერსერკები ფილოკტეტე".

ბილეთები: https://biletebi.ge/theatres/berserks-filoktete

წაკითხვა 94 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 08 2025