რაბათის ნამოსახლარზე 50 საუკუნის წინანდელი, კავკასიაში აქამდე უცნობი ნაგებობები აღმოაჩინეს
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ზველში, გორა ნამოსახლარ რაბათზე საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა დაახლოებით 50 საუკუნის წინანდელი მძლავრი ნაგებობები, რომლის მსგავსი არქიტექტურა, ეროვნული მუზეუმის განმარტებით, კავკასიის რეგიონში ცნობილი არ არის.
გარდა ამისა, ნამოსახლარის მიდამოებში აღმოჩენილია სამარხები და ყორღანები.
„საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად, ვხვდებით სარიტუალო დანიშნულების არტეფაქტებს, როგორიც არის მაგალითად ცხოველისგამოსახულებიანი სადგრები და სხვა, რომელთა ანალოგები ჩვენს რეგიონში დღემდე არ არის აღმოჩენილი. იგივე სურათია მომდევნო პერიოდის ფენებშიც, აქ აღმოჩნდა დაახლოებით 43 საუკუნის წინანდელი თიხის სტილიზებული ცხოველის ფიგურები და სავარაუდოდ სარიტუალო ჭურჭელი, რაც სრულიად ახალ წარმოდგენას გვიქმნის ამ პერიოდის მოსახლე ხალხის შესახებ“, – აცხადებენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.
„რაბათი გორა ნამოსახლარია, რომელსაც გააჩნია სასიმაგრო სისტემა. მასზე ფიქსირდება ცხოვრების უწყვეტი კვალი ადრებრინჯაოს ხანიდან (ძვ.წ. III ათასწლეული) შუა საუკუნეების ჩათვლით. ამ მხრივ რაბათი წარმოადგენს მნიშვნელოვან საკვლევ ობიექტს იმის დასადგენად, თუ როგორ მიმდინარეობდა ადამიანის მიერ გარემოსთან ადაპტაციის პროცესი და როგორ სოციო-ეკონომიკურ და კულტურულ ცვლილებებს განიცდიდა უძველესი მოსახლეობა ათასწლეულების მანძილზე“, – განმარტავენ ეროვნულ მუზეუმში.
ნამოსახლარის და მისი მიმდებარე ტერიტორიის კვლევა მრავალწლიანი ფართომასშტაბიანი საერთაშორისო პროექტია. ექსპედიცია მოიცავს საველე სკოლას, სადაც ყოველწლიურად, ქართველ სტუდენტებთან ერთად, მელბურნის უნივერსიტეტის ათობით სტუდენტი გადის არქეოლოგიური გათხრების პრაქტიკას. გარდა ქართველი და ავსტრალიელი არქეოლოგებისა, კვლევებში ჩართულნი არიან საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან მოწვეული სპეციალისტები. საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელი საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გიორგი ბედიანაშვილია. არქეოლოგიური კვლევები კი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდიის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია
- ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 დეკემბრისთვის