"9 აპრილი ერთი მხრივ, იგი დაკავშირებულია ტკივილთან, მეორე მხრივ კი, სიხარულთან"
9 აპრილი გამორჩეული დღეა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ერთი მხრივ, იგი დაკავშირებულია დიდ ტკივილთან, მეორე მხრივ კი სიხარულთან, წელს ამ თარიღს ემთხვევა უდიდესი ქრისტიანული ზეიმიც, იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წერილში.
„9 აპრილი გამორჩეული დღეა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ერთი მხრივ, იგი დაკავშირებულია იმ დიდ ტკივილთან, რომელიც 34 წლის წინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა და 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი უკვდავი სულნი); მეორე მხრივ კი, სიხარულთან, რადგან 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და 9 აპრილი თავისუფლებისკენ მსწრაფი თანამედროვე საქართველოს ათვლის წერტილად იქცა.
წელს ამ თარიღს ემთხვევა უდიდესი ქრისტიანული ზეიმიც – იერუსალიმში დიდებით შესვლა მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
უფლის ამქვეყნად მყოფობის პერიოდში ეს იყო ერთადერთი დღე, როდესაც ისრაელის მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიარა იგი, ვითარცა მეუფე და მხსნელი და დიდი სიხარულითა და სიყვარულით ეგებებოდნენ, პალმისა და ზეთისხილის ტოტებს უფენდნენ და ოსანას უგალობდნენ…
ეს დღე ყველა მორწმუნე ქრისტიანისთვის განსაკუთრებული სიხარულისა და სიკეთის დღეა, უფლის დიდების, ლოცვისა და დალოცვის დღე.
ჩემის მხრივ, მეც ყველას გლოცავთ და თქვენს თავსა და სრულიად საქართველოს ვავედრებ იესო ტკბილს“, – აღნიშნავს ილია მეორე.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი