"თენგიზ ცერცვაძემ ქვეყნისათვის კრიტიკულ პერიოდებში არაერთი უმნიშვნელოვანესი წარმატებული პროექტი განახორციელა" - ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო სამძიმარის წერილს ავრცელებს.
"დიდად ვწუხვართ, რომ ჩვენს სამზეოს გამოაკლდა საერთაშორისო დონის იმუნოლოგი და ინფექციონისტი, საოცარი ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული, დიდი მკურნალი, ბატონი თენგიზ ცერცვაძე.
უცხოელი კოლეგების მხარდაჭერითა და ნდობის წყალობით და, რა თქმა უნდა, თავისი ნიჭითა და გამოცდილებალით მან ქვეყნისათვის კრიტიკულ პერიოდებში არაერთი უმნიშვნელოვანესი წარმატებული პროექტი განახორციელა, ჩვენი მოსახლეობა უმძიმეს დაავადებათაგან იხსნა და მრავალთა სიცოცხლე გადაარჩინა.
ბატონი თენგიზის სხვა დამსახურებათა შორის აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მან თავისი სკოლა შექმნა და ურთულეს ინფექციებთან საბრძოლველად ძლიერი აკადემიური გუნდი ჩამოაყალიბა.
სამაგალითო იყო მისი დამოკიდებულება პაციენტებისადმიც. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა თვითონ ჰქონდა, გადამდები დაავადების მქონე ავადმყოფებს არ ერიდებოდა და უშუალო ურთიერთობითა და მანუგეშებელი სიტყვით წამალზე მეტად მათ სულიერად ეხმარებოდა.
ამ თვისებათა გამო იგი საყოველთაო პატივისცემას იმსახურებდა. პირადად მეც მქონდა მასთან ახლო ურთიერთობა და ყოველთვის დიდად ვაფასებდი მის პიროვნებას.
ვუსამძიმრებ მეუღლეს, ქალბატონ ანას, ინფექციური საავადმყოფოს მთელ კოლექტივს, საერთოდ მედიკოსებს და ჩვენს საზოგადოებას და თქვენთან ერთად შევთხოვ ყოვლადმოწყალე უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს ბატონი თენგიზის უკვდავი სულის ცხონებას", - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილში.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი