"ყოფნა-არყოფნის ზღვარზე ვართ, გგონიათ, ქუჩაში ვინმე ირბენს და დავუთმობთ?" - მეუფე იაკობი
მშვიდობიანი აქციის დროს რომ ეცემათ, ჩავერეოდი და დავიცავდი, მაგრამ იქ ვერ ვნახე ეს - არ მივიყვანოთ საქართველო იქამდე, რომ შიგნით რამე მოხდეს თორემ უცხოელებიც ვერ გიშველიან,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა.
„ყოფნა-არყოფნის ზღვარზე ვართ, ნუთუ, გგონიათ, რომ ქუჩაში ვინმე ირბენს და რამეს დავუთმობთ? ბავშვი თუ ცუდად იქცევა და მოღალატედ იზრდება, ტაშს დავუკრავ? ამიტომ, დავფიქრდეთ, არ მივიყვანოთ საქართველო იქამდე, რომ შიგნით რამე მოხდეს თორემ უცხოელებიც ვერ გიშველიან - მერე ჩვენ ჩავერევით, არ გემუქრებით, მაგრამ ვერ გააკეთებთ იმას, რაც გინდათ, სამარცხვინოდ დამთავრებას ჯობს, წესიერად ვიყოთ, შევიყვაროთ ჭეშმარიტება",-განაცხადა მეუფე იაკობმა.
მისივე თქმით, სურს, აქციის მონაწილეებისგან საღი აზრი მოისმინოს.
„ქუჩაში რომ დარბიან, მინდა მათგან საღი აზრი მოვისმინო. ჩემთვის, არავითარი საღი აზრი არ არის. ვხედავ, რომ ვნება აქვთ, რომ ბოლომდე გაიტანონ თავისი. რა არის ბოლომდე გატანა? ორი რამის გარდა არაფერს ამბობენ: „ახალი არჩევნები და სინდისის პატიმრების, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება“. შე დალოცვილო, პატიმრები რამ გამოიწვია? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო? ვნება რომ გაქვს, მაინცდამაინც ჩამოაგდო... დუჟმორეულებმა ხომ არ უნდა ვირბინოთ?! ხომ უნდა იყვნენ ადამიანები, რომ უცხოელების პირით არ მესაუბრონ?“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.
ამასთან, მეუფე იაკობმა ამერიკის შეერთებული შტატების „MEGOBARI აქტიც“ ახსენა და განაცხადა, რომ, მისი აზრით, ეს საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ მიღებული აქტია.
„არავის საქმე არ არის, ჩემთან რა კანონი მექნება. თურმე, ამერიკაში შეიძლება რაღაცების მიღება - ეს ისეთი ქვეყანაა ან ევროპაში. საქართველოში არ შეიძლება. ორი არჩევანია, კეთილის და ბოროტის. ღმერთი გვეუბნება, კეთილი აირჩიო. მოგიწოდებთ მშვიდობისკენ. შევინარჩუნოთ მშვიდობა. ქვეყანაში ბევრი კარგი ხდება. ბევრი კარგი გასაკეთებელია და მოდით, დავსხდეთ ახალგაზრდები და სხვებიც - როგორი საქართველო გინდათ? არის საქართველო და არის მეორე მხარე - ისინი, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ აქტებს იღებენ. ეს არც მეგობრობის აქტია, ეს ჩემთვის საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ მიღებული აქტია“, - განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.
სიახლეები
- "რუსეთზე მიმდინარე გლობალური ზეწოლა არასაკმარისია ამ ომის დასასრულებლად" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ევროინტეგრაცია უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება" - ირაკლი კობახიძე
- "სულიერ ცხოვრებაში მთავარია გული, გულს შეუძლია მადლის მიღება და უხილავის დანახვა" - მეუფე შიო
- "ახლა პუტინზეა დამოკიდებული დაამტკიცოს, რომ ნამდვილად სურს მშვიდობა"- ემანუელ მაკრონი
- "შესაძლოა პუტინს არ სურს ომის შეჩერება და სხვანაირად უნდა მოვექცეთ, „საბანკო“ თუ „მეორადი სანქციების“ მეშვეობით?" - დონალდ ტრამპი