"უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
დღეს, 2026 წლის 22 მარტს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე თბილისში, სიონის ტაძარში დაკრძალეს. მისი ცხედარი სამების საკათედრო ტაძრიდან სიონამდე აურაცხელმა ხალხმა გააცილა.
ის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეცხრე პატრიარქია, რომელიც სიონის ტაძარშია დაკრძალული.
ილია მეორე, - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, - 2026 წლის 17 მარტს, ჰოსპიტალიზაციის მეორე დღეს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1977 წელს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების შემდეგ, იგი თითქმის ნახევარი საუკუნე უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
FIrstNews.ge-ს რესპონდენტები მის მნიშვნელოვან ღვაწლზე საუბრობენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს პატრიარქზე დღეს მთელი მსოფლიო საუბრობს და აფასებს მის მოღვაწეობას. ადამიანები იხსენებენ მასთან შეხვედრის წუთებს,საუბრებს…
ილია მეორე, პირველად აფხაზეთში-ილორის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში ვნახე.ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმდროინდელ დაძაბულ პერიოდში,როცა ქართულ-აფხაზური ურთიერთობები უკვე რთულ ფაზაში შედიოდა. პატრიარქის იქ ჩასვლა დაკავშირებული იყო ეკლესიის გამთლიანებისა და სულიერი შენარჩუნებასთან,ადგილობრივი მოსახლეობის გამხნევებასთან, მშვიდობისა და შერიგების მოწოდებასთან.
მნიშვნელოვანია პატრიარქის გზავნილები განათლებაზეც. მისი აზრით განათლება და სულიერება ერთად უნდა ვითარდებოდეს და ემსახურებოდეს ადამიანს და სამშობლოს.
ილია მეორე ამბობდა,რომ ბავშვის აღზრდაში ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო -ოჯახმა და სკოლამ ერთიანი ღირებულებები უნდა გადასცენ. ეს გზავნილები აუცილებლად გასათვალისწინებელია.
ილია მეორე გამორჩეული და მრავალმხრივი პიროვნებაა - არა მხოლოდ სულიერი ლიდერი, არამედ ხელოვანი, პოეტი, მუსიკოსი მხატვარი, რომლის შემოქმედებაც განსაკუთრებულ სიღრმესა და სინაზეს ასხივებს. მისი სიტყვები და ნამუშევრები დიდხანს გააგრძელებს ადამიანების შთაგონებას.
მშვიდობით უწმინდესო და უნეტარესო,” - მაკა ბელქანია, ფილოლოგი და საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი.
“პატრიარქი - ეს მხოლოდ წოდება არ არის. ეს არის ტვირთი, რომელიც საუკუნეების ტკივილს, იმედსა და რწმენას ატარებს. პატრიარქი იდგა ერის წინაშე არა როგორც უბრალო ადამიანი, არამედ როგორც რეალური მამა, რომლის თვალებშიც ქვეყნის წარსულიც იკითხებოდა და მომავლის შუქიც. მან დაგვიტოვა იმედიც და სიყვარულიც… უწმინდესმა ამქვეყნად ყოფნისას ატარა უმძიმესი ჯვარი, ჩუმად, უანგაროდ, მაგრამ უდიდესი სიყვარულით. მისი ღვაწლი არ იზომება მხოლოდ ეკლესიებით, ქადაგებებით ან წირვებით. მისი ღვაწლი არის ადამიანთა გულებში - იმ სინათლეში, რომელიც მან დათესა.
უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა, რომ საქართველო აუცილებლად განმტკიცდება,” - ეკატერინე ქვაჩაკიძე, ფონდი ,,სოხუმის" ფსიქოლოგი.
“მოახერხო ის, რომ მთელი ერი გააერთიანო, სრულიად უცნობ ადამიანებს უყვარდე და ასე ერთიანად განიცდიდეს ერი შენს გარდაცვალებას - ამას ნამდვილად მხოლოდ გამორჩეულები ახდენენ.
მეოთხე დღეა, სადაც უნდა ვიყო - ტრანსპორტში, სახლში, გზაზე - სულ მასზე მეფიქრება და ცრემლებს ვერ ვიკავებ. გაჭირვებულ ადამიანს რომ შევხედავ ადრე თუ უფრო გულგრილად ჩავუვლიდი - ახლა პატრიარქის სახე წარმომიდგება თვალწინ... თითქოს მისი ხმა ჩამესმის... სოფელსა და მიწას დაუბრუნდითო რომ თქვა - ჩემს თავზე მივიღე, მეგონა ეს მე მეხებოდა... ეს იყო პირველი ბიძგი, რამაც სოფლად ცხოვრებაზე ფიქრი დამაწყებინა...
დავკარგეთ საოცარი ადამიანი დედამიწაზე, მაგრამ შევიძინეთ ერის მფარველი ანგელოზი სასუფეველში.
მადლობა სიყვარულისთვის,მოთმინებისთვის,სიმშვიდის და იმედისთვის...
თქვენ წახვედით, მაგრამ ის,რაც ჩვენში დატოვეთ - აღარასოდეს წავა...” - თამუნა ჯიქია, მენეჯმენტის მაგისტრი.
სიახლეები
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
- "მადლობა უწმინდესო, რომ გარდაცვალების შემდეგაც უდიდესი მისია იკისრე და ერთად დგომა შეგვაძლებინე! " - თინა ხიდაშელი