"ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ მზაკვრული გეგმა ჩავშალეთ, რაც დღემდე ვერ უპატიებია პუტინს" - მიხეილ სააკაშვილი
2004 წლის 5 მაისი იყო რუსეთის მარიონეტის, ასლან აბაშიძის, მოშორების და აჭარის საქართველოს საკონსტიტუციო სივრცეში დაბრუნების დღე - აჭარის რევოლუციამ გადაარჩინა საქართველო დაშლისგან, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეს იყო დიდი ისტორიული გაკვეთილი იმისა, თუ რა სასწაული შეიძლება მოხდეს, როდესაც ხალხი, მთავრობა და ჯარი ერთ მუშტად მოქმედებენ საქართველოს დასაცავად.
„ამას პირველად ვწერ! რა იყო 2004 წლის 5 მაისი? ეს იყო რუსეთის მარიონეტის, ასლან აბაშიძის, მოშორების და აჭარის საქართველოს საკონსტიტუციო სივრცეში დაბრუნების დღე.
ეს, დღევანდელი სტანდარტით, იყო ბრწყინვალე ჰიბრიდული ოპერაცია. ამ ოპერაციას ვხელმძღვანელობდით მე და მაშინდელი უშიშროების მინისტრი ზურაბ ადეიშვილი.
ჩვენ ძალიან გვეხმარებოდნენ ქართული მედია და აჭარის ოპოზიციური აქტივისტები. ჩვენ მოვაქციეთ აბაშიძე დიპლომატიურ ბლოკადაში, ჩავატარეთ რამდენიმე წარმატებული სადაზვერვო ოპერაცია მისი შიდა გარემოცვის დასაშლელად. გავაძლიერეთ აჭარის ოპოზიცია და მას შემდეგ, რაც ხალხი ქუჩაში გამოვიდა, ჩოლოქს მივაყენეთ საქართველოს შეიარაღებული ძალები და გავუგზავნეთ ასლანს სიგნალი, რომ თუ ის დემონსტრაციას დაარბევდა, ჩვენი არმია შევიდოდა ბათუმში და დააპატიმრებდა მას. ამ ოპერაციაში ჩვენ ძალიან მოხერხებული დიპლომატიური მანევრებით დავაბნიეთ და გავანეიტრალეთ რუსები. მისდა უნებურად დაგვეხმარა მაშინდელი რუსეთის საგარეო მინისტრი ივანოვი, რომელიც იძულებული გახდა, წაეყვანა აბაშიძე. თუმცა მანამდე რუსეთი განიხილავდა აჭარას, როგორც მთელი საქართველოს დამორჩილების ინსტრუმენტს.
საბოლოო ჯამში, ეს იყო დიდი ისტორიული გაკვეთილი იმისა, თუ რა სასწაული შეიძლება მოხდეს, როდესაც ხალხი, მთავრობა და ჯარი ერთ მუშტად მოქმედებენ საქართველოს დასაცავად.
და დიახ, 2004 წელს აჭარის რევოლუციამ გადაარჩინა საქართველო დაშლისგან!
ასლან აბაშიძე რუსეთმა სპეციალურად გამოზარდა, რათა აჭარის მაგალითზე შეექმნა ალტერნატიული საქართველოს მოდელი - რუსეთზე დამოკიდებული, ეკონომიკურად შედარებით განვითარებული და უფრო უსაფრთხო, ვიდრე დანარჩენი ქვეყანა.
შევარდნაძის დროს თბილისის სისუსტემ ეს შესაძლებელი გახადა. ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ ეს მზაკვრული გეგმა ჩავშალეთ, რაც დღემდე ვერ უპატიებია პუტინს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
სიახლეები
- რისთვის გამოჰყავს ხალხი "ალიანსს" 26 მაისს
- "ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი გეოგრაფიაში ვერ ერკვევა, ჰგონია, რომ საქართველოს შეიძლება თავზე გადაახტე და ევროპა აზიას დააკავშირო"
- "გილოცავთ გიორგობას, წმინდა გიორგის ლოცვით უფალმა გააძლიეროს, გაამთლიანოს საქართველო, დაიფაროს ჩვენი ეკლესია და ყოველი თქვენგანი"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 მაისიდან
- "სიტყვა პატიმარს სააკაშვილი რომ ახსენებს, სირცხვილია, 25 000-მდე პატიმარი ჰყავდათ ციხეებში, ეს იყო სისტემური დანაშაული, ამაზრზენია ეს ყველაფერი" - ირაკლი კობახიძე
