„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევის თანახმად, მოსახლეობის ყველაზე დაბალი ნდობა პარლამენტს აქვს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად ირკვევა, რომ საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის ყველაზე მაღალი ნდობა ეკლესიას, ხოლო ყველაზე დაბალი ნდობა საქართველოს პარლამენტს აქვს. ერთ-ერთი დაბალი ნდობის ხარისხით სარგებლობს მოსახლეობაში სასამართლოც.
კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი 55 % ეკლესიას ან რელიგიური აღმსარებლობის ორგანიზაციებს სრულად ენდობა. სრულ უნდობლობას კი 4 % უცხადებს.
რაც შეეხება სხვა ინსტიტუტებს, მასწავლებლებს სრულად მოსახლეობის 31% ენდობა, სრულ უნდობლობას კი 2% აფიქსირებს. ექიმებს სრულ ნდობას 22% უცხადებს, სრულ უნდობლობას კი 8%. პოლიციას ქვეყანაში სრულად მოსახლეობის 19 % ენდობა, სრულ უნდობლობას 8% გამოხატავს.
ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობის 14% სრულად ენდობა, უნდობლობას კი 10% აფიქსირებს.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტს, პრეზიდენტს გამოკითხული მოსახლეობის 11 პროცენტი სრულად ენდობა, ხოლო სრულ უნდობლობას 18 % უცხადებს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სრულად ენდობა 10%, სრულ უნდობლობას კი 20 % აფიქსირებს.
საქართველოს პრემიერ- მინისტრს 9%-იანი სრული ნდობა აქვს, ხოლო 15 პროცენტი სრულ უნდობლობას უცხადებს.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოსახლეობის 8 პროცენტიანი სრული ნდობით სარგებლობენ, მათ სრულ უნდობლობას 15% უცხადებს.
სასამართლოს მიმართ სრულ ნდობას 5% უცხადებს, სრულ უნდობლობას კი 20 % გამოხატავს. საქართველოს პარლამენტს სრულად 5 % ენდობა, სრულ უნდობლობას კი 24 % გამოხატავს. კვლევაში მოხვდა მედიის ნაწილიც, მედიას სრულად მოსახლეობის 3 პროცენტი ენდობა, სრულ უნდობლობას კი 8 % უცხადებს.
კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის" (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.
კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2087 რესპონდენტი და საშუალო ცდომილების ზღვარი 2,3 %-ია.
სიახლეები
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის
- "ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია საერთო მიზნებისთვის, ვაგრძელებთ თანამშრომლობას"