ამ გვერდის ამობედვა

ბაბუშერის აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა

აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს სოხუმის ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან ერთად დიღმის ძმათა სასაფლაოზე მიაგო პატივი

 

„ეს არის ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ეპიზოდი, რომელიც სამუდამოდ დარჩება მთელი ჩვენი ერის მეხსიერებაში. ამ ადამიანების თავგანწირვა გვავალდებულებს, გავაგრძელოთ ქვეყნის გამთლიანებისკენ მიმართული სამშვიდობო პოლიტიკა და ყველაფერი გავაკეთოთ მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

1993 წლის 22 სექტემბერს, თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, გვარდიის მებრძოლები, მოხალისეები, სამედიცინო მუშაკები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რუსული საბრძოლო ხომალდებიდან ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს. საჰაერო ხომალდი ბაბუშერის აეროპორტში დაეშვა და მთლიანად დაიწვა. თვითმფრინავში მყოფი 132 ადამიანიდან 108 დაიღუპა.

1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხების შესწავლის მიზნით შექმნილია ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი. მოლაპარაკებების შედეგად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით ეტაპობრივად მიმდინარეობს ცხედრების მოძიება, იდენტიფიცირება და გადმოსვენება.

წაკითხვა 108 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 22 2025

სიახლეები