თბილისის მეტროს პირველ ხაზზე ორი სადგური აშენდება
თბილისის მეტროს პირველი ხაზი დაგრძელდება თითო სადგურით, ორივე მიმართულებით, – ამის შესახებ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სადგურების დამატებით შემცირდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში დახარჯული ჯამური მგზავრობის დრო, დაახლოებით, 576 საათით, რაც ქსელის განტვირთვის დამატებითი შესაძლებლობაა.
„როგორც „ახმეტელის თეატრის“, ისე „ვარკეთილის“ მეტროსადგურზე განხორციელდება ახალი პროექტი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პირველ ხაზზე თითო სადგურით, ორივე მიმართულებით დავაგრძელოთ აღნიშნული მეტრო. კერძოდ, ვარკეთილის მიმართულებით, პერსპექტიული დაგრძელების ჯამური სიგრძე იქნება 1,2 კმ. ახალი მეტროსადგური დილის პიკის საათში მიიზიდავს 4 500 მგზავრს. მაგალითისთვის, „ჰუალინგიდან“ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმართულებით დღიური მინიმალური მგზავრთნაკადი – 66 000 ადამიანია, რომელთა ნაწილიც შეძლებს, გადანაწილდეს და გამოიყენოს ახალი სადგური“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, გლდანის მიმართულებით პერსპექტიული ხაზი დაგრძელდება 1.1 კმ-ით. დილის პიკის საათში ახალი სადგური მიიზიდავს 5 500 მგზავრს.
„უკვე ჩატარებული კვლევების მონაცემებით, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ გადამსხდომ მგზავრთა რაოდენობა დილის პიკის საათში შემცირდება 4 460 მგზავრით, ხოლო ზოგადად, გლდანის რაიონიდან მგზავრთნაკადი 1 100-ით მოიმატებს. აღსანიშნავია, რომ ორივე საპროექტო სადგურის შემთხვევაში, საგრძნობლად შემცირდება იმ მგზავრთა რაოდენობა, რომელსაც „სადგურის მოედნამდე“ მისასვლელად სჭირდებოდა ორჯერ გადაჯდომა. ამასთან, შემცირდება მათი მგზავრობის საერთო დრო – თითქმის 20 წუთით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, პროექტი გააუმჯობესებს საფეხმავლო და ზოგად მისაწვდომობას, მეტროსადგურების უახლოესი უბნები მიზიდულობის წერტილებად იქცევა და გაიზრდება ეკონომიკური აქტივობა.
„მოძრაობის განტვირთვის შედეგად, შემცირდება ნაკადებით გამოწვეული შეფერხება, როგორც მიმდებარე უბნებში, ისე მეტროსადგურებთან, ისედაც დატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებთან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- '' ასეთს რას გიხდიან?! როგორ უნდა გძულდეს სამშობლო, რომ ამ მსოფლიო არმაგედონის ჟამს ასე გაწირო შენი ხალხი!'' - გოგა ხაინდრავა
- ექსპერტთა საბჭომ ირანის მომავალ უზენაეს ლიდერად მოკლული აიათოლა ალი ხამენეის შვილი, მოჯტაბა ხამენეი აირჩია
- "რაც უნდა მოხდეს, აშშ უზრუნველყოფს მსოფლიოსთვის ენერგორესურსების თავისუფლად მიწოდებას" - დონალდ ტრამპი
- ,, „იმედის“ და POSTV-ს დასანქცირება ემსახურება იმას, რომ გამოათავისუფლონ ველი ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალებებისთვის'' - ლევან მაჭავარიანი
- აშშ ირანის მთელი საზღვაო ფლოტის განადგურების შესახებ აცხადებს