ამ გვერდის ამობედვა

„პროკურატურაში სულელები ხომ არ სხედან?“ - სუროგატი დედების საქმის ფიგურანტი ახალ სააგენტოს ხსნის

უცხოელი სუროგატი დედების საქმეზე, ტრეფიკინგის მუხლით მიმდინარე გამოძიების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, რეპროდუქციული მედიცინის სააგენტო Kinderly Georgia-ს გენერალური დირექტორი, თბილისში ახალ სააგენტოს ხსნის.

 

48 წლის სომეხმა ბიზნესმენმა, არმენ მელიქიანმა, რეპროდუქციული მედიცინის ახალი სააგენტო - Super Kinder საჯარო რეესტრში ოფიციალურად 4 სექტემბერს დაარეგისტრირა. ახალი ოფისის პრეზენტაცია ოქტომბრის დასაწყისში იგეგმება.

 

გამოძიებამ რომელიც უკვე ექვსი თვეა გრძელდება, კომპანია Kinderly-ს მიერ დაზარალებული ათობით სუროგატი ქალი გამოკითხა.

 

დახურულ ჰოსტელში იძულებით შესახლებული სუროგატი დედების საქმეზე, რომლებიც თვეების განმავლობაში უშედეგოდ ელოდნენ კუთვნილ ჰონორარებს, შსს-მ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ შესახებ რადიო თავისუფლებამ გაზაფხულზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.

 

საქართველოში დასაქმებული უცხოელი სუროგატი ქალების საქმეზე გამოძიება სსკ-ის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ადამიანით ვაჭრობას წინასწარი შეცნობით, წარმოადგენს ექსპლუატაციას და ისჯება ხუთ წლამდე პატიმრობით.

 

არმენ მელიქიანს, კომპანია Kinderly-ს გენერალურ დირექტორს, ამ ეტაპზე, მოწმის სტატუსი აქვს. ტრეფიკინგის საქმეზე ის, ჯერჯერობით, მხოლოდ ამ სტატუსით იკითხება.

 

ექვსი თვის თავზე, გამოძიება ჯერ კიდევ სწავლობს კომპანია Kinderly-ს საფინანსო დოკუმენტაციას, თანამშრომლების პირად ტელეფონებსა თუ სხვა ელექტრონულ მოწყობილობებში შენახულ მიმოწერებს, ისმენს დაზარალებულების ჩვენებებს, თუმცა, ამ დრომდე გენერალურმა პროკურატურამ ტრეფიკინგის მუხლით დაწყებულ საქმეში ბრალდებულის ან ბრალდებულების გამოვლენა, ვერ მოახერხა.

 

„არსებობს საფრთხე, რომ კვლავ იმავე სქემით იმოქმედებენ“

 

მართალია კანონმდებლობით, არმენ მელიქიანს, რომელიც ტრეფიკინგის საქმეში ახლა მხოლოდ მოწმის სტატუსით ფიგურირებს, ახალი კომპანიების დაფუძნების უფლება აქვს, დაზარალებული სუროგატი ქალების ადვოკატი, ორგანიზაცია "საფარის" იურისტი, ნინო ანდრიაშვილი, ამაში პრობლემას ხედავს:

 

„არსებობს საფრთხე, რომ ის ადამიანები, რომლებმაც დააზარალეს ათობით ქალი, დატოვეს ისინი ანაზღაურების გარეშე, რთულ საცხოვრებელ პირობებში, კვლავ იმავე სქემით იმოქმედებენ და ბიოლოგიური მშობლებისგან აღებული თანხები სუროგატ ქალებამდე ვერ მივა.

 

არსებობს ეჭვები, რომ ეს ადამიანები ისევ გააგრძელებენ ახალი მსხვერპლების, ერთი მხრივ, ბიოლოგიური ოჯახების, მეორე მხრივ, სუროგატი ქალების მახეში გაბმას“, - ეუბნება ნინო ანდრიაშვილი რადიო თავისუფლებას, რომლის თქმითაც, გამოძიებას უკვე აქვს საკმარისი მტკიცებულებების იმისათვის, რომ პროკურატურას ბრალდებულები გამოევლინა და მათთვის ბრალი ოფიციალურად წაეყენებინა:

 

„როგორც ჩანს, პროკურატურას უჭირს, ამ ეტაპზე, გადაწყვეტილების მიღება და არ ვიცი, ამის მიზეზი რა არის. ჩემი, არა როგორც ადვოკატის, არამედ როგორც იურისტის გადმოსახედიდან, სრულიად საკმარისი მტკიცებულებები არსებობს იმისათვის, რომ კონკრეტულ პირებს წარედგინოთ ბრალი და შეეფარდოთ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა.

 

გამოძიება ელოდება პროკურორის გადაწყვეტილებას, რაც ამ ეტაპზე, მიღებული არ არის. არსებობს ვარაუდი, რომ ამ ადამიანებს ჰყავთ ვინმე ისეთი, ვინც მათ მფარველობს, რომ ისინი პასუხისგებაში არ მისცენ. რეალური სურათის გათვალისწინებით, იკვეთება დანაშაულებრივი ქმედებები კომპანია Kinderly-ს დამფუძნებლების მხრიდან თავად გამოძიების მიმდინარეობის პროცესშიც კი.

 

მოწმეებზე განხორციელდა ზეწოლა, რომ მათ დაეტოვებინათ საქართველო და დაბრუნებულიყვნენ სახლებში. იმისათვის, რომ არ მოხდეს მოწმეებზე ზეწოლა, პროკურატურა, როგორც წესი, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს ხოლმე სასამართლოს, ამ შემთხვევაში კი ეს გადაწყვეტილება უკვე თვეებია ვერ მიიღო პროკურატურამ“, - ამბობს ნინო ანდრიაშვილი.

წაკითხვა 90 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 02 2025

სიახლეები