მზია ამაღლობელი 2025 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელ გახდა
პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი, ექვს სხვა ჟურნალისტთან ერთად, საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის (IPI) და საერთაშორისო მედიის მხარდაჭერის (IMS) პარტნიორობით დაწესებული მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელად დასახელდა.
„შვიდი გამორჩეული ჟურნალისტი საქართველოდან, აშშ-დან, ღაზას სექტორიდან, პერუდან, ჰონგ-კონგიდან, უკრაინიდან და ეთიოპიიდან 2025 წლის IPI-IMS-ის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირებად დასახელდა თავისუფალი მედიისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული გამბედაობისა და გამძლეობისთვის.
ბევრმა განიცადა პატიმრობა, რეპრესიები და დაუნდობელი მცდელობები მათი საქმიანობის გასაჩუმებლად, მაგრამ ისინი აგრძელებდნენ რეპორტაჟების მომზადებას შესანიშნავი გამძლეობითა და ჟურნალისტიკისადმი ერთგულებით.
დაჯილდოვებულთაგან ორი, ორივე ქალი, დაიღუპა ომის ზონებიდან მსოფლიოსთვის ახალი ამბების მიწოდებისას. ეს ჯილდო პატივს მიაგებს მათ მემკვიდრეობას.
კიდევ ორი დაჯილდოვებული ამჟამად ციხეშია პრესისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ფონზე,“ – ნათქვამია IPI-IMS-ის მიერ გავრცელებულ რელიზში.
2025 წლის გამარჯვებულები არიან:
- მზია ამაღლობელი – საქართველო
- მარტინ ბარონი – აშშ
- მარიამ აბუ დაგა – პალესტინა (ჯილდო გარდაცვალების შემდეგ)
- გუსტავო გორიტი – პერუ
- ჯიმი ლაი – ჰონგ-კონგი
- ვიქტორია როშჩინა – უკრაინა (ჯილდო გარდაცვალების შემდეგ)
- ტესფალემ ვალდიესი – ეთიოპია
მზია ამაღლობელმა რუსთავის ქალთა კოლონიიდან IPI-ისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ჯილდო მხოლოდ პირადად მას არ ეხება, არამედ აღიარებს საქართველოში მრავალი ჟურნალისტის ბრძოლას, რომლებმაც უზარმაზარი ზეწოლის მიუხედავად სიმართლე დაიცვეს.
„ეს ჯილდო შეხსენებაა იმისა, რომ ჩვენი მსხვერპლი უხილავი არ არის და საერთაშორისო საზოგადოება მხარს გვიჭერს. რაც მთავარია, ეს წახალისების წყაროა, გავაგრძელოთ პრესის თავისუფლების დაცვა, რადგან ამით ჩვენ ვიცავთ თავად დემოკრატიას“, – წერია მზია ამაღლობელის სიტყვებში.
გამარჯვებული ჟურნალისტების წარმომადგენლებს ჯილდოები გადაეცემათ IPI-ის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მსოფლიო კონგრესზე ვენაში, 24 ოქტომბერს.
სიახლეები
- ვაშინგტონის ცენტრში ესროლეს ორ გვარდიელს
- ,,მას მოუწია თავის მართლება და თქმა, რომ, თითქოს, არ ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში"- ზვიად შალამბერიძე
- იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი
- საპატრულო პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო
- სუს-მა თურქეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ერთი და საქართველოს მოქალაქეობის მქონე სამი ადამიანი გამოავლინა, რომლებიც ყალბ დოკუმენტაციას ამზადებდნენ