ამ გვერდის ამობედვა

,,ყველას გთხოვთ, ვისაც კი უწმინდესისთვის აუგი გითქვამთ, შენდობა ითხოვეთ – ეს თქვენ გჭირდებათ”- მამა შალვა

უზარმაზარი ეპოქა დასრულდა, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება – ყველას გთხოვთ, ვისაც კი უწმინდესისთვის აუგი გითქვამთ, შენდობა ითხოვეთ – ეს თქვენ გჭირდებათ, მას არ სჭირდება არც შენდობა და არც პატიება”, – ამის შესახებ მამა შალვა კეკელია ილია მეორეზე საუბრისას აცხადებს.

,,ამდენი წელი მასთან ერთად გავატარე და არასოდეს მახსოვს, რომ უწმინდესს ვინმე გაელანძღოს, ვინმეზე აუგი ეთქვას. მისი მაგინებლები და მისი მლანძღველები.. როცა ტელევიზიიდან ამ ყველაფერს ისმენდა ხოლმე, სულ მეუბნებოდა – „მამაო, მათი სახელები ჩაიწერე“.

ერთ-ერთი შემთხვევა იყო, ადამიანი ლანძღავდა უწმინდესს ტელევიზიით. ორი [ადამიანი] იჯდა და უწმინდესს ტელევიზიით ლანძღავდნენ. ტრაპეზზე ვიჯექი და გადავრთე პულტით [ტელევიზორი], რომ უწმინდესს არ ესმინა. „გადმორთე, უნდა ვუყუროო“ და ნახევარი საათი უყურა უწმინდესმა, როგორ ლანძღავდნენ მას. საშინელებებს იძახდნენ უწმინდესზე. რომ დამთავრდა ტრაპეზი, მერე მითხრა, „სახელები ჩაიწერეო“. ჩემნაირი ადამიანი სხვანაირად ვერ იფიქრებდა, ალბათ და მეთქი, ხვალ ამათ მიადგება, გალანძღავს, გათათხავს, როგორ გამიბედეთო. ამას ჩემს გონებაში ვფიქრობდი. მკლავში მომკიდა ხელი უწმინდესმა და მეუბნება – „ეგ მაგიტომ კი არ გითხარი, ისინი ჩემი შვილები არიან, მე მათზე პასუხისმგებელი ვარ და ხვალ მათზე განსაკუთრებულად უნდა ვილოცო, რომ მათი სულები არ დაიღუპოსო. მე ღმერთმა მათი სულები ჩამაბარა, მათი პატრიარქი ვარო“ – არ ვიცი, ასეთი ადამიანი იყო.

პატრიარქი ყოველ დილით 6:00 საათზე გამოდიოდა და ლოცულობდა.

ძალიან მძიმედ იყო უწმინდესი წინა დღეს. იმ ღამეს მორიგეობა მიწევდა. ექიმებმა მთხოვეს, რომ უწმინდესი 6:00 საათზე რომ გამოვიდოდა, კელიაში შემებრუნებინა. იმ დღეს ბევრი შეხვედრა ჰქონდა, ამიტომ, რომ დაესვენა და 10:00 საათზე გამოსულიყო კელიიდან. დილით რომ გამოვიდა, მეც მივედი და ვეუბნებოდი – „თქვენო უწმინდესობავ, დღეს ბევრი შეხვედრა გაქვთ და თუ შეიძლება, რომ დაისვენოთთქო“. [მითხრა] – რას მეუბნებიო. თმაში იცოდა ხელის მოკიდება. [მითხრა] – „მე ლოცვა-კურთხევა რომ გავეცი 7:00 საათზე ლოცვებზე, ვუთხარი, ვინც დილით 6:00 საათზე ლოცულობს, მეც თქვენთან ერთად ვლოცულობო. ორი კაცი ხომ მაინც ასრულებს ამ ლოცვა-კურთხევას და მაგ ადამიანებს როგორ მოვატყუებ. მათ გამო უნდა დავდგე და ვილოცოო“.

არ ვიცი, ჩვენ ვერც კი წარმოგვიდგენია, როგორ ეპოქალურ ადამიანთან გვქონდა შეხება. ყველას გთხოვდით, ვისაც კი მისთვის აუგი გითქვამთ, ცუდი გითქვამთ, შენდობა ითხოვეთ. ეს თქვენ გჭირდებათ, ეს უწმინდესს არ სჭირდება არც შენდობა, არც პატიება და არც არაფერი. თქვენვე გჭირდებათ, თქვენთვის არის ეს საზიანო. როდესაც გადაცემებში იყო ხოლმე „საპატრიარქო, პატრიარქი…“ პატრიარქი იყო საპატრიარქო. ის განაგებდა ამას, მისი კურთხევით იყო ყველაფერი. მის ხელში გავიზარდეთ ჩვენ ყველა. სულ ერთ რამეს გვასწავლიდა, სიყვარულს, სითბოს, საკუთარ თავზე გამარჯვებას.

ყველა პატრიარქის ნაკურთხი ვართ. მე 17 წლის ასაკში მოვედი უწმინდესთან და 30 წელი მიხდება, რაც პატრიარქთან გავატარე. ეს 30 წელი, მადლობა ღმერთს, რომ მის ეპოქაში მომიწია ცხოვრება და მისი პატრიარქობის დროს მომიწია ცხოვრება. ღმერთმა იმხელა საშუალება მომცა, რომ მასთან მომიწია ცხოვრება“, – აღნიშნავს მამა შალვა კეკელია.

 

წაკითხვა 86 ჯერ