ამ გვერდის ამობედვა

იუსტიციის სახლის 15 ფილიალი 28 და 29 მარტს სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს

ბიზნეს სუბიექტებისთვის სარეგისტრაციო მონაცემების ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვადის 1 აპრილს ამოწურვასთან დაკავშირებით, იუსტიციის სახლის 15 ფილიალი 28 და 29 მარტს სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, იმისათვის, რომ მონაცემების შესაბამისობაში მოსაყვანად ბიზნესსუბიექტებმა მაქსიმალურად შეძლონ დარჩენილი დღეების გამოყენება, შაბათს და კვირას, 28 და 29 მარტს, იუსტიციის სახლის 15 ფილიალი, 10:00 – 17:00 საათამდე მომხმარებელს სპეციალურ რეჟიმში მოემსახურება. სერვისი შაბათს და კვირას ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მასშტაბით ყველა მსხვილ ქალაქში: თბილისში მდებარე სამივე ფილიალში, ბათუმში მდებარე ორივე ფილიალში, ასევე რუსთავის, გორის, ბორჯომის,მარნეულის, ოზურგეთის, ფოთის, ქუთაისის, ხაშურის, ზუგდიდის და თელავის იუსტიციის სახლის ფილიალებში.

იმ ბიზნესსუბიექტებს, ვისაც ჯერ არ მოუყვანიათ მონაცემები კანონთან შესაბამისობაში, აქვთ შესაძლებლობა, დროულად ისარგებლონ შაბათს და კვირას შეთავაზებული სერვისით და თავიდან აიცილონ შეუსაბამობით გამოწვეული შედეგები.

სამუშაო გრაფიკსა და სხვა დამატებითი ინფორმაციის მიღება მომხმარებლებს იუსტიციის სახლისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფეისბუქ გვერდებზე ან სატელეფონო ცენტრის 2 405 405 საშუალებით შეუძლიათ.

განაცხადის წარდგენა ასევე შესაძლებელია დისტანციურად, პორტალზე my.gov.ge.

მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა სავალდებულოა 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული შემდეგი საწარმოებისთვის: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი და უცხოური საწარმოს ფილიალი.

აღნიშნული ვალდებულება არ გააჩნიათ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს.

წაკითხვა 85 ჯერ

სიახლეები