ამ გვერდის ამობედვა

800 მილიონიან ინვესტიციაზე სიხარულით ვთქვით უარი - ანდრია გვიდიანი

ეკონომისტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში ENKA -ს განცხადებას ეხმაურება:

"გილოცავთ, საქართველო თურქ-სელჩუკებისგან თავისუფალია, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! - ეს სარკაზმით, რა თქმა უნდა.

ახლა კი სერიოზულად

 

- რომ იცოდეთ, დღეს თვალს ადევნებთ, პროცესს, როცა ჩვენივე უთავბოლობით თუნდაც მცირედი განვითარების შანსი ხელიდან გავუშვით;

- თქვენ თვალს ადევნებთ პროცესს, როგორ ჩაერია უცხო ქვეყნის სპეცსასმსახური ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურობაში და როგორ მიაღწია თავის მიზანს;

- თუ ოდესმე დაგაინტერესებთ, რატომ არ ვართ უფრო განვითარებული, მდიდარი და კარგი ქვეყანა, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ჩვენი სისულელეების ბრალია და სხვისკენ ხელის გაშვერას შევეშვათ;

- თუ გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ არ არიან უფრო მეტი ინვესტორები, გაიხსენეთ, რომ უმდიდრეს ინვესტორს "შე თურქო" ვეძახეთ და ისე გავაგდეთ;

- თუ დაგაინტერესებთ რატომ არ კეთდება უფრო მეტი ბიზნესი, გაიხსენეთ, რომ 800 მილიონიან ინვესტიციაზე სიხარულით ვთქვით უარი;

- დღეს, თქვენ თვალს ადევნებთ პროცესს, როცა ემოციურად ვიმოქმედეთ და შეგნებულად უარი ვთქვით რაციონალურ, ცივი გონებით, აზროვნებაზე;

- დღეს ხდება ის, რომ ვიღაც გაუგებარი ადამიენების გულზე მჯიღების ცემამ იმუშავა და "ჯოს-ჯოს" ძახილით გადაწყვეტილებების მიღებამ შეაფერხა ქვეყნის განვითარება;

 

P.S. - ასე რომ,

სანამ მიდგომებს არ შევცვლით;

სანამ უაზრო აქციებზე ბოდიალს არ შევეშვებით;

სანამ არგუმენტირებულ მსჯელობას პოპულიზმი გვერჩივნება;

მანამდე ვიქნებით იმ ერთ მოჯადოებულ წრეზე, რომლიდან თავის დაღწევაც ყველას უნდა,"- წერს ანდრია გვიდიანი.

 

შეგახსენებთ, რომ ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს - $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება.

ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის - ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზს მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს.

“ENKA Renewables-ი, რომელშიც ENKA İNŞAAT-ი 90%-იან წილს ფლობს, საქართველოს სახელმწიფოს აცნობს, რომ მოხდეს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა-ფლობა-ოპერირების თაობაზე, 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა/გაუქმება, რის მიზეზსაც კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.

წაკითხვა 475 ჯერ