"მომხრე ვარ ფართო გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის" - ნიკა გვარამია
მე ვარ მომხრე ფართო გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის. 5-იანი ბარიერის დაძლევა, ათკაციანი, გინდაც ოცკაციანი საპარლამენტო ფრაქცია სრულიად უინტერესოა ჩემთვის, – ამის შესახებ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც გვარამია აღნიშნავს, მას აინტერესებს ცვლილებები და სიახლეები.
„ბევრმა მედიამ დამირეკა სამომავლო პოლიტიკურ კონფიგურაციებთან დაკავშირებით. ინტერვიუსთვის ხელმისაწვდომი არ ვარ და ამიტომ აქ დავწერ: მე ვარ მომხრე ფართო გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის. 5-იანი ბარიერის დაძლევა, ათკაციანი, გინდაც ოცკაციანი საპარლამენტო ფრაქცია სრულიად უინტერესოა ჩემთვის. პირადად მე მზად ვარ ყველანაირი დათმობისთვის ერთობის მიღწევის მიზნით, მათ შორის, ცალმხრივი დათმობისთვისაც, სხვას თუ კომპრომისებისთვის გამბედაობა, კეთილგონიერება და პირადზე მაღლა საერთო ინტერესის დაყენების პრობლემა ექნება. მე მაინტერესებს ცვლილებები და სიახლეები. თანამდებობებიც მქონია და გავლენაც. ამისთვის პოლიტიკაში მობრუნება ნამდვილად არ მჭირდება. პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ერთად შევცვალოთ. პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ დემოკრატია და თავისუფლება ერთხელ და სამუდამოდ და შეუქცევადად მოვიპოვოთ. პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ქვეყნის მართვაში გზა გავუხსნათ ახალ ხალხს და პოლიტიკურ ელიტაში თაობათა ცვლა მაქსიმალურად დაჩქარდეს. პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ არ იყოს შურისძიება. პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ეს საჭირო მგონია აქ და ახლა. პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ საერთო ბრძოლა გავაძლიერო. შეკითხვაზე, „ამ მიზნების მისაღწევად ვის ველაპარაკები ან დაველაპარაკები“, გპასუხობთ: ყველას“, – წერს ნიკა გვარამია.
სიახლეები
- "შეიქმნა ოპოზიციური ალიანსი, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" - მიხეილ სააკაშვილი
- „ოპოზიციის ალიანსი“ შეთანხმების პრინციპთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
- "ვიშრომეთ ისე, როგორც მხოლოდ მაშინ შრომობ, როცა სანუკვარ ოცნებას ხელით აშენებ" - თამუნა ჯიქია
- ალირეზა არაფი ირანის დროებითი ხელმძღვანელობის საბჭოს წევრად დაინიშნა
- რა არის საჭირო საქართველოში იმისთვის, რომ ბანკი გახსნათ