"თუ სხვა დღეებში მიცვალებულებს მიასვენებენ სასაფლაოზე, ახლა სასაფლაოდან მოასვენებენ სიმთვრალისგან გარდაცვლილებს"
ეროვნული ბიბლიოთეკის პრეზიდენტი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
,,გარდაცვლილთა დღეს კანონზომიერება იცვლება: თუ სხვა დღეებში მიცვალებულებს მიასვენებენ სასაფლაოზე, ახლა სასაფლაოდან მოასვენებენ სიმთვრალისგან "გარდაცვლილებს". :)
კვერცხის მაგივრად, წაქცეულები გორავენ. გვინახავს თვალითაც, ფოტოებითაც.
ასე არ ვარგა, არავის წაადგება. მათ შორის ტრადიციასაც.
ყველაზე ნაკლებად მორალისტ-მიმთითებელი ვარ. თუ მაინცდამაინც გინდათ, შემიძლია გითხრათ: ყირაზეც გადასულხართ ნათესავის საფლავზე. კაცმა რომ თქვას, რა ჩემი ან სხვისი საქმეა?
მაგრამ არ მოგეწონებათ. როგორ? - მეტყვით თქვენ - ნუთუ წინაპრის სამარხებს პატივი არ უნდა ვცეთ? ნუ ილეშებით მეთქი და აქაც ცხადად მომესმის თქვენი ხმა: აბა ტრადიციები აღარ შევასრულოთ, წინაპრის დანაბარები? ამ ერთადერთ დღეს მაინც?
ჰო, ვიცი, იქნება ასეთი მოძახილიც: ვისაც არ გვეხება, ჩვენ რატომ ვილანძღებით? ჩვენც არ გავიდეთ სასაფლაოზე?
წესით, მე არ უნდა მეკითხებოდეთ, მაგრამ თუ მაინცდამაინც ჩემი პასუხი გინდათ: ვისაც არ გეხებათ, გადით!
ზოგადად კი, ეს არის მორიგი ჩვენებური სენი - ცრუ ტრადიციებში გაჯიუტება, გუშინდელის გაკერპება და იმისწინდელის მივიწყება.
ახლომხედველობა დასაძლევია. სოფელ-სოფელ ხეტიალისას, უძველეს ფოტოებზე ხშირად მინახავს, როგორ უსხდნენ სუფრას ჩვენი უკეთესი წინაპრები და ისიც, როგორ უსხედან ახლა. ამაზე ოდესმე. ანუ იმაზე, რა დაგვამრთა საბჭოთა სენმა.
აღდგომას სასაფლაოზე გასვლას მცირე საკვებით კი, გარდა რიტუალური ნაწილისა, ასე გასინჯეთ, ერთგვარი საქველმოქმედო ფორმაც ჰქონდა. ბებიაჩემს ბაბუაჩემის სასაფლაოზე რამდენიმე პასკა, კვერცხი და ხაჭაპური გაჰქონდა და გამოსაჩენ ადგილზე ტოვებდა. მერე ჩამოივლიდნენ შეჭივრებულები და მიჰქონდათ.
თუ მაინცდამაინც, მოდი, ბებიებს მივბაძოთ",- წერს გიორგი კეკელიძე.
სიახლეები
- "რუსეთი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის მრავალრიცხოვან მოთხოვნას და ჯერ არ განუსაზღვრავს, როდის შეაჩერებს მკვლელობებს, ეს ართულებს ვითარებას" -ვოლოდიმირ ზელენსკი
- 17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
- "10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია" - გრიგოლ გეგელია
- რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს პუტინი - “თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ეს ტრამპისთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნება”
- "პუტინი ჭკვიანი კაცია, კარგად ვუგებთ ერთმანეთს, შეიძლება, შეხვედრაზე რაღაცას მივაღწიოთ" - დონალდ ტრამპი