„ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია
„ქართულ ოცნებას“ საჯარო გამოძიების ეშინია, რადგან ის გამოავლენს, თუ ვინ გასცა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ბრძანება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, საპროტესტო აქციების დაშლისას ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების სავარაუდო გამოყენების დასადგენად საერთაშორისო გამოძიება ერთადერთი გზაა.
„როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკა პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებდა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დაშლის დროს ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების სავარაუდო გამოყენების გამოსაძიებლად, BBC-ის რეპორტაჟის საფუძველზე.
„ქართულ ოცნებას“ საჯარო გამოძიების ეშინია, რადგან ის გამოავლენს, თუ ვინ გასცა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ბრძანება. საჯარო გამოძიება ასევე დაადგენს, თუ როგორ გახდა შესაძლებელი 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვა მინისტრისა და მინისტრის მოადგილის უფლებამოსილების გვერდის ავლით.
ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ კმაყოფილია ოთხდღიანი „გამოძიების“ შედეგებით, მაშინ როდესაც „ქართული ოცნება“ უარს ამბობს საპარლამენტო მექანიზმების გამოყენებაზე სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად, ფაქტების გამოვლენის ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა“, – წერს გიორგი გახარია.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა