აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
აშშ-ის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და რუსეთის აგრესიას გმობს, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
სენატორების რეზოლუციას კანონის ძალა არ აქვს, მაგრამ მისი საშუალებით აშშ-ის საკანონმდებლო ორგანო ოფიციალურად აფიქსირებს „ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უსაფრთხო, დემოკრატიული და დამოუკიდებელი უკრაინის მიმართ“ და „გმობს რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებას“ უკრაინის საზღვარზე.
„კონგრესი ერთიანია უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში“, - განაცხადა სენატორმა რობ პორტმანმა, რომელმაც, სენატორ ჯინ შაჰინთან და სხვა სენატორებთან ერთად, დოკუმენტი სენატს წარუდგინა.
რეზოლუცია პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, აშშ-ის მთავრობას დაავალოს, გამოიყენოს ყველა არსებული ინსტრუმენტი რუსეთისთვის „მნიშვნელოვანი ხარჯების“ დასაკისრებლად და „ევროპაში მშვიდობის აღსადგენად“.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რეზოლუცია არ უნდა იქნას გაგებული, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების ან უკრაინაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების შეყვანის ნებართვა.
სენატორები აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეუძლია დამოუკიდებლად, კონგრესის ქმედებების მიუხედავად, დააწესოს სანქციები.
„საკითხი არ დგას ასე: „თუ“, არამედ ასე: „როგორ“ ვუპასუხებთ ჩვენ პუტინს“, - აცხადებს სენატორი შაჰინი.
სიახლეები
- "სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს" - ირაკლი კობახიძე
- სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 30 ათასი ლარის არასაპატიმრო გირაო შეუფარდა
- "ჩვენი მთავარი მიზანია სამართლიანი მშვიდობა და ომის დასრულება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დიპლომატიის გზაზე გამარჯვება მოვიპოვოთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 დეკემბრისთვის
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება