ერაყის დედაქალაქში შეტაკებებს სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა
ერაყის დედაქალაქში უსაფრთხოების ძალებსა და გავლენიანი შიიტი სასულიერო პირის მუქთადა ალ სადრის მომხრეებს შორის შეტაკებებისას სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა. „ბიბისის“ ცნობით, დაპირისპირება ბაღდადის ქუჩებში ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. დაშავებულია 350 ადამიანი.
ალ-სადრის მომხრეები ბაღდადის „მწვანე ზონაში“ მთავრობის შენობაში შეიჭრნენ. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც შიიტმა სასულიერო პირმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. ქუჩაში ისმოდა სროლის ხმა. არეულობა ერაყის სამხრეთით მდებარე რამდენიმე ქალაქშიც გავრცელდა.
ერაყის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მუსტაფა ალ-ქადიმიმ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოცხადდა.
შეტაკებები ძირითადად ერაყის დედაქალაქის მწვანე ზონაში მიმდინარეობდა. არეულობის გამო ნიდერლანდების საელჩოს თანამშრომლები იძულებულები გახდნენ, გერმანიის მისიის შენობაში გადასულიყვნენ.
შეტაკებების გამო ირანმა ერაყთან საზღვარი ჩაკეტა, ქუვეითმა კი თავის მოქალაქეებს ერაყის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა.
„ბიბისის“ ცნობით, შეტაკებების ნაწილი ალ სადრის მხარდამჭერი „მშვიდობის ბრიგადების“ მებრძოლებსა და ერაყის შეიარაღებული ძალების წევრებს შორის მიმდინარეობდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ზოგიერთი მებრძოლი მძიმე შეიარაღებას იყენებს.
მუსტაფა ალ-ქადიმიმ სასულიერო პირს ჩარევისკენ და ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მოგვიანებით ალ-სადრმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ შიმშილობა დაიწყო, ვიდრე ძალადობა და იარაღის გამოყენება არ შეწყდება.
ერაყში საპროტესტო აქციები და პოლიტიკური კრიზისი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც ალ სადრის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა, თუმცა მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი ხმები ვერ დააგროვა. ალ სადრმა უარი განაცხადა პროირანულ შიიტ მეტოქეებთან მოლაპარაკებებზე, რამაც ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობა შექმნა.
სიახლეები
- "დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ყალბი პასპორტის გამოყენებით, დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას ცდილობდა" - სუს-ი
- "პატრიარქს ბოლოს 2017 წელს, ბერლინში შევხვდი, მიმეორებდა: „დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეთ“, ჩემი დაბრუნების შემდეგ უკვე ჩაკეტილი ჰყავდათ"
- "2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები თუ არ დაგვემატება, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი"
- "ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია, მომავალ პატრიარქს არ სჭირდება არც მთავრობის და არც ოპოზიციის დახმარება" - მეუფე იაკობი
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს