"რუს სამხედროებს თუ გადარჩენა უნდათ, დროა, გაიქცნენ"
რუს სამხედროებს თუ გადარჩენა უნდათ, დროა, გაიქცნენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა იბრუნებს და დაიბრუნებს თავისას.
როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, ეს ომი რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციითა და დონბასის დაპყრობის მცდელობით დაიწყო და სწორედ გათავისუფლებულ ყირიმსა და დონბასში უნდა დასრულდეს.
„დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ ჩვენი მეომრების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს ჩვენის სახელმწიფოსთვის და დამოუკიდებლობისთვის. ხსოვნის ეს დღე ზაფხულის ბოლოს, 29 აგვისტოს აღინიშნება, რათა ყველას შევახსენოთ 2014 წლის ტრაგიკული მოვლენები, ილოვაისკი და ის, რომ ეს ომი, რომელიც რუსეთის მიერ ჩვენი ყირიმის ოკუპაციით, დონბასის დაპყრობის მცდელობით დაიწყო, უნდა დასრულდეს სწორედ იქ – გათავისუფლებულ ყირიმში, დონბასის გათავისუფლებულ ქალაქებში, ჩვენი სამხედროების უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე გასვლით. ჩვენ ყოველთვის გვახსოვს ეს მიზანი. ჩვენ ის არ გვავიწყდება. უკრაინის შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვა, ჩვენი თავდაცვის ძალები თავის საქმეს აკეთებენ. დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანს ესმის, რაც ხდება, რისთვის ვიბრძვით და რისკენ მივისწრაფვით. ჩვენს მეომრებს არ სჭირდებათ რაიმე ანონსები ან საინფორმაციო ტალღები ზურგში. უკრაინა იბრუნებს საკუთარს. დაიბრუნებს ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის ოლქებს, ყირიმს, აუცილებლად, შავი და აზოვის ზღვების მთელ ჩვენს აკვატორიას – ზმეინიდან ქერჩის სრუტემდე. ეს იქნება. ეს ჩვენია. ისევე, როგორც ეს ჩვენს საზოგადოებას ესმის, მინდა, რომ ეს ოკუპანტებმაც გაიგონ, მათი ადგილი არ იქნება უკრაინულ მიწაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლება არ აპირებს საომარ ვითარებაში გეგმების გასაჯაროებას, თუმცა ოკუპანტებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ საზღვრამდე განდევნიან.
„ვის სურს, გაიგოს, როგორი გეგმები გვაქვს? თქვენ კონკრეტიკას ვერც ერთი ნამდვილად პასუხისმგებელი პირისგან ვერ გაიგებთ. რადგან ეს ომია და ომის დროს ასეა. თუმცა, ოკუპანტებმა უნდა იცოდნენ: ჩვენ მათ საზღვართან განვდევნით, ჩვენს საზღვრამდე, რომლის ხაზი არ შეცვლილა, ოკუპანტებმა ის კარგად იციან. თუ მათ გადარჩენა სურთ – დროა რუსი სამხედროები გაიქცნენ. წადით სახლში. თუ რუსეთში, სახლში დაბრუნების გეშინიათ, მაშინ ასეთი ოკუპანტები ტყვედ ჩაბარდნენ და ჩვენ უზრუნველვყოფთ ჟენევის კონვენციის ყველა ნორმის შესრულებას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მიმართვისას ასევე მადლობა გადაუხადა ნორვეგიის ხელისუფლებას უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების ახალი პაკეტისთვის, რომელიც, მისი თქმით, ზამთრისთვის ენერგეტიკულ მომზადებას უნდა მოხმარდეს.
სიახლეები
- არჩევნებამდე 1 თვე: ძალადობა, პროვოკაციები და დაპირისპირება - სადამდე აიწევს ტემპერატურა
- გიორგი შარაბიძე ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებსა და წევრებს შეხვდა
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი