"ყურადღებას გავამახვილებ, რომ ჩვენ მხოლოდ რუსეთის არმიის ნაწილით, საკონტრაქტო ნაწილით ვიბრძვით"
ვნახოთ, როგორ განხორციელდება და რით დამთავრდება უკრაინის კონტრშეტევითი ოპერაცია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„კიევის ხელისუფლებამ უკვე გამოაცხადა, რომ მათ დაიწყეს და ატარებენ აქტიურ კონტრშეტევით ოპერაციას. ვნახოთ, როგორ განვითარდება და რით დასრულდება ის“, – აღნიშნა პუტინმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნად „დონბასის მთელი ტერიტორიის გათავისუფლება“ დაასახელა.
„ეს სამუშაო გრძელდება, უკრაინის არმიის კონტრშეტევის ყველა მცდელობის მიუხედავად. ჩვენი შეტევითი ოპერაციები დონბასში არ წყდება, ისინი მიმდინარეობს. მიმდინარეობს არა დიდი ტემპით, თუმცა თანმიმდევრულად, ეტაპობრივად რუსული არმია იკავებს ახალ-ახალ ტერიტორიებს. მე ყურადღებას გავამახვილებ, რომ ჩვენ ხომ არასრული არმიით ვიბრძვით, ჩვენ მხოლოდ რუსეთის არმიის ნაწილით, საკონტრაქტო ნაწილით ვიბრძვით“, – აღნიშნა პუტინმა.
მიმდინარე თვის დასაწყისიდან უკრაინა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში წარმატებულ კონტრშეტევას ახორციელებს, რის შედეგადაც რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლდა უკრაინის ტერიტორიის რამდენიმე ათასი კვადრატული კილომეტრი და ათობით დასახლებული პუნქტი, მათ შორის ქალაქი იზიუმი ხარკოვის ოლქში.
სიახლეები
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი