18 ადამიანი დაშავდა ნიკოლაევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად
უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე რუსეთის წუხანდელი თავდასხმის შედეგად დაშავდა 18 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი.
დაზუსტებული მონაცემები დღეს დილით გამოაქვეყნეს ნიკოლაევის მერმა ოლექსანდრ სენკევიჩმა და საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა. 18 დაშავებულიდან 9 საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს 2 ადამიანი.
წინასწარი მონაცემებით, ნიკოლაევზე თავდასხმის შედეგად იყვნენ დაღუპულებიც, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალაქის ცენტრში დაზიანებული და ნაწილობრივ დანგრეულია 5 სახლი.
წუხელ რუსეთმა შეტევა განახორციელა ქალაქ ოდესაზეც. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავდასხმას ნგრევა და ხანძარი მოჰყვა ოდესის ცენტრში. წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 2 ადამიანი.
რუსეთმა უკრაინის სამხრეთზე, ძირითადად, ოდესასა და ნიკოლაევზე მასირებული შეტევა დაიწყო მას შემდეგ, რაც 18 ივლისიდან დატოვა „მარცვლეულის შეთანხმება". გაეროს და თურქეთის შუამავლობით, 2022 წლის ივლისში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, შავი ზღვით ხორციელდებოდა უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი.
უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, 18 და 19 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ოდესის პორტზე, მათ შორის ხორბლის ტერმინალზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ოდესაში სამხედრო ობიექტებს უტევენ.
19 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „რუსი ტერორისტები" შეგნებულად უტევენ „მარცვლეულის შეთანხმების" ინფრასტრუქტურას და თითოეული რაკეტა არის დარტყმა არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ ყველაზე მსოფლიოში, ვისაც ნორმალური და უსაფრთხო ცხოვრება სურს.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია