„ჯერჯერობით ვერ დავინახე საკმარისი რაოდენობის გასაგები დეტალი, რათა ვთქვა, რომ ნახევარი მილიონის მობილიზაციაა საჭირო“- ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის ტელეარხ Channel 4-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ჯერჯერობით ვერ ხედავს ფრონტზე დამატებით ნახევარი მილიონი ჯარისკაცის მობილიზების აუცილებლობას.
„ჯერჯერობით ვერ დავინახე საკმარისი რაოდენობის გასაგები დეტალი, რათა ვთქვა, რომ ნახევარი მილიონის მობილიზაციაა საჭირო“, - თქვა ზელენსკიმ. მან აღნიშნა, რომ ასეთი პოზიცია არ არის იმასთან დაკავშირებული, რომ მას „ახლა სურს, ვიღაცას მოაწონოს თავი“. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ილაპარაკა ფინანსურ მხარეზეც. მისი სიტყვებით, რომლებიც მოჰყავს RBC Ukraine-ს, მობილიზაციის უზრუნველსაყოფად პარტნიორები სახსრებს არ იძლევიან.
დეკემბერში გამართულ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის გენერალურმა შტაბმა მას 450-500 უკრაინელის მობილიზაცია სთხოვა. ახალი მობილიზაციის აუცილებლობის შესახებ ილაპარაკა ასევე უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა კირილო ბუდანოვმა. „იმის გაფიქრებაც კი შეუძლებელია, რომ მობილიზაციის გარეშე შევძლებთ ფონს გასვლას. უკმარისობა საგრძნობია“, - მოჰყავს BBC-ს ბუდანოვის სიტყვები Financial Times-ისთვის მიცემული მისი ინტერვიუდან.
დეკემბრის ბოლო დეკადაში უკრაინის მთავრობამ ვერხოვნა რადაში შეიტანა კანონპროექტი მობილიზაციისა და სამხედრო აღრიცხვის სრულყოფის შესახებ. დოკუმენტის ახსნა-განმარტებიდან ჩანს, რომ, სხვათა შორის, ქვეყანაში გაწვევის მაქსიმალური ასაკი 27 წლიდან 25-მდე შემცირდება. ამ ასაკის შემდეგ მამაკაცები დაექვემდებარებიან არა გაწვევას, არამედ მობილიზაციას.
დოკუმენტმა დავა გამოიწვია პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში და ახლა მიმდინარეობს მისი გადამუშავება.
სიახლეები
- პროკურატურის ცნობით, დააკავეს ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, რომლის ბინიდანაც $1,319,300 ამოიღეს
- ბოდბელი ეპისკოპოსი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება
- “მზია ამაღლობელს ევრო პარლამენტმა ა.სახაროვის პრემია მიანიჭა! საინტერესოა პრიზი საბჭოთა წყალბადის ბომბის ქანდაკებაა?” - გიორგი ხაინდრავა
- სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტთან სროლა ტერაქტად შეაფასა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 ოქტომბრისთვის