დონალდ ტრამპი ამერიკელებს ჰპირდება, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანას უკრაინის ომიდან გაიყვანს
შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკელებს ჰპირდება, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანას უკრაინის ომიდან გაიყვანს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, 24 სექტემბერს ჯორჯიის შტატში გამართულ საარჩევნო შეხვედრაზე, ტრამპმა დემოკრატი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პრეზიდენტობის კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაადანაშაულა, რომ მათ აშშ უკრაინის ომში შეიყვანეს და ვეღარ გამოჰყავთ.
დონალდ ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ამას გაუმკლავდება და მოლაპარაკებებს მიაღწევს.
„ბაიდენი ამბობს, არ წავალთ, სანამ არ გავიმარჯვებთ. მაგრამ რა იქნება, თუ ისინი(რუსეთი) გაიმარჯვებენ?!“ - მიმართა ტრამპმა მხარდამჭერებს.
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს ადრეც არაერთხელ უთქვამს, რომ უკრაინაში ომის სწრაფად დასრულება შეუძლია, თუმცა კონკრეტული გეგმა არ წარუდგენია.
დემოკრატები მწვავედ აკრიტიკებენ უკრაინის შესახებ ტრამპის პოზიციას. კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბის განცხადებით, თუ აშშ უკრაინას მიატოვებს, პუტინი კიევში იჯდება და მზერა მიპყრობილი ექნება დანარჩენი ევროპისა და ამერიკის ნატოელი მოკავშირეებისკენ.
აშშ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლაში პირდაპირ ჩართული არ არის, თუმცა კიევს უწევს მასშტაბურ დახმარებას.
პენტაგონის ოფიციალური მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის სექტემბრამდე უკრაინამ შეერთებული შტატებისგან მიიღო დაახლოებით 55,9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 24 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეისადმი მიმართვისას, ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მოუწოდა უკრაინისა და მისი თავისუფლების მხარდაჭერისკენ.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია