ტრამპი პუტინთან საუბარს არ გამორიცხავს
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ტელეფონით უკვე ესაუბრა ათეულობით ქვეყნის ლიდერს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბარსაც არ გამორიცხავს.
„ვფიქრობ, ვისაუბრებთ“, - განაცხადა ტრამპმა 7 ნოემბერს, ტელეკომპანია NBC-სთან ინტერვიუში.
დონალდ ტრამპის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ესაუბრა 70 მსოფლიო ლიდერს. მათ შორისაა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საჯაროდ მიულოცა სოჭიდან, სადაც 7 ნოემბერს სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ დასკვნით სხდომაზე.
„ვსარგებლობ რა შემთხვევით, მინდა მივულოცო აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა“, - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, რუსეთი იმუშავებს აშშ-ის სახელმწიფოს ნებისმიერ მეთაურთან, რომელსაც ნდობას ამერიკელი ხალხი უცხადებს.
პუტინის თანახმად, „ყურადღებას იმსახურებს“ ტრამპის საჯარო განცხადებები, „ხელი შეუწყოს უკრაინის კრიზისის დასრულებას“. საპრეზიდენტო არჩევნებამდე დონალდ ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ უკრაინაში ომის სწრაფად დასრულება შეუძლია, თუმცა კონკრეტული გეგმა არ წარუდგენია.
ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი. დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი