"აშშ-ს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა 20 აპრილამდე სურს, კრემლი შეთანხმებას არ ჩქარობს" - Bloomberg
თეთრი სახლი მიზნად ისახავს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა 20 აპრილამდე მოხდეს, როდესაც მართლმადიდებლური და დასავლური ეკლესიები აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ, - ინფორმაციას Bloomberg-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, წყაროების თქმით, თეთრი სახლი აღიარებს, რომ ვადები შეიძლება შეიცვალოს ორი მხარის პოზიციებს შორის დიდი უფსკრულის გათვალისწინებით.
Bloomberg-ი წერს, რომ რუსეთმა შეთანხმების მისაღწევად მაქსიმალისტური მოთხოვნები წამოაყენა, მათ შორის უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტა. ეს პოზიცია კი კიევმა და მისმა მოკავშირეებმა უარყვეს.
Bloomberg-ი ციტირებს თეთრი სახლის პრესსპიკერს, ბრაიან ჰიუზს, რომლის თქმითაც, ცეცხლის შეწყვეტის პირობები ან ვადები საჯარო არ იქნება.
„ვმუშაობთ ცეცხლის შეწყვეტისა და ხანგრძლივი მშვიდობისთვის. დისკუსიის პირობების ან ვადების შესახებ მედიაში საუბარი არ გვექნება“, - აცხადებს ბრაიან ჰიუზი.
სააგენტოს წყაროების აზრით, კრემლი არ დათანხმდება დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სამიტზე, სანამ სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება მიღწეული, რაც აპრილის შუა რიცხვებამდე ნაკლებად სავარაუდოა.
“აშშ იმედოვნებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში რამდენიმე კვირაში იქნება მიღწეული, მიუხედავად იმისა, რომ მეომარი მხარეები განაგრძობენ შეტევებს და უახლოეს დღეებში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ არსებობს ნიშნები, რომ კრემლი არ ჩქარობს შეთანხმების მიღწევას“, - წერს Bloomberg-ი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ საუდის არაბეთში აშშ-ის დელეგაცია რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს ცალ-ცალკე შეხვდება. საუდის არაბეთის მოლაპარაკებები მოიცავს ტექნიკურ დეტალებს ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებზე 30-დღიანი ზავის განხორციელებისა და მონიტორინგის შესახებ. დისკუსიებზე ასევე ყურადღებას გაამახვილებენ ცეცხლის შეწყვეტის პოტენციურ გაფართოებაზე, რათა ის შავ ზღვაში გემების მიმოსვლაზეც გავრცელდეს.
სიახლეები
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი