ამ გვერდის ამობედვა

ტრამპმა ისევ აღიარა, რომ უკრაინაში ომის დასრულება რთული ყოფილა და ისევ მოითხოვა რუსული ნავთობის შეძენის შეწყვეტა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეჭვი ეპარება, რომ უკრაინის და რუსეთის ლიდერებს შორის პირდაპირი მოლაპარაკება შესაძლებელია და მიზეზად იმას ასახელებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმირ პუტინს ერთმანეთი სძულთ.

 

14 სექტემბერს, უქმე დღეების შემდეგ ნიუ-ჯერსიდან ვაშინგტონში დაბრუნებამდე ტრამპმა ჟურნალისტებს ისევ განუცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა შემაფერხებელ ფაქტორად დაასახელა ერთმანეთის მიმართ ზელენსკის და პუტინის განუზომელი სიძულვილიც და არ გამორიცხა, რომ ლაპარაკი თავად მოუწევს.

 

ჟურნალისტების შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა სამმხრივი სამიტი, ტრამპმა უპასუხა, რომ სავარაუდოდ, მას მოუწევს მონაწილეობა, რადგან ზელენსკის და პუტინს ერთმანეთი ისე სძულთ, რომ ერთმანეთთან ლაპარაკი თითქმის არ შეუძლიათ.

 

14 სექტემბერს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისევ გააკრიტიკა ევროპელები, რომლებიც ტრამპის განცხადებით, მხოლოდ ლაპარაკობენ და არ მოქმედებენ.

 

დონალდ ტრამპის ძირითადი პრეტენზია უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ევროპა რუსული ნავთობის შეძენას განაგრძობს. ტრამპის თანახმად, მზად არის რუსეთს ახალი სანქციები დაუწესოს, თუ ევროპა თავის სანქციებს გააძლიერებს.

 

გასული კვირის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები აამოქმედოს, თუ ნატოს წევრი სახელმწიფოები შეწყვეტენ რუსეთისგან ნავთობის შეძენას.

 

ნატოს ქვეყნებიდან რუსული ნავთობის უმსხვილესი მომხმარებლები არიან თურქეთი და უნგრეთი, რომელიც ევროკავშირის წევრიცაა. ამ ქვეყნების ლიდერებთან აშშ-ის პრეზიდენტს კარგი ურთიერთობები აქვს.

 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის სახელმწიფოების ნაწილმა უარი თქვა რუსულ გაზზეც, თუმცა ამ საწვავზე დამოკიდებულება მაინც რჩება. მაგალითად, სლოვაკეთი რუსული ბუნებრივი არის აქტიური მომხმარებელია.

წაკითხვა 63 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 15 2025