თუ ირანი ისევ დაარტყამს კატარს, ტრამპი ირანს სამხრეთ ფარსის გაზის საბადოს აფეთქებით დაემუქრა
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ შეერთებულმა შტატებმა არაფერი იცოდა ისრაელის განზრახვაზე, დაებომბა ირანის სამხრეთ ფარსის გაზის საბადო. ეს ტრამპმა 19 მარტს დაწერა სოციალურ ქსელ Truth Social-ში თავის ოფიციალურ გვერდზე.
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სპარსეთის ყურეში, ირანის სამხრეთ ფარსის უმსხვილესი გაზის საბადოს ინფრასტრუქტურას 18 მარტს დაარტყეს, რასაც პასუხად მოჰყვა ირანის შეტევა კატარის და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნების ენერგოობიექტებზე.
პრეზიდენტ ტრამპის თანახმად, ისრაელმა, რომელიც „განრისხებულია" იმით, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება, ირანში დაარტყა სამხრეთ ფარსის გაზის საბადოს „შედარებით მცირე ნაწილს", ირანმა კი „უსაფუძვლო და გაუმართლებელი" შეტევა მიიტანა გათხევადებული ბუნებრივი გაზის ქარხანაზე კატარში, რომელიც არაფერ შუაში იყო.
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისრაელი თავს აღარ დაესხმება „უკიდურესად მნიშვნელოვან და ძვირფას" სამხრეთ ფარსის გაზის საბადოს, მაგრამ თუ ირანი ისევ გადაწყვეტს უდანაშაულო კატარზე შეტევას, აშშ საბადოს ააფეთქებს.
18 მარტს, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანში დაბომბა სამხრეთ ფარსის უმსხვილესი გაზის საბადოს ინფრასტრუქტურა, ირანის შეიარაღებულმა ძალებმა კატარში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მორიგი იერიში მიიტანეს ნავთობისა და გაზის ობიექტებზე.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ირანის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე დარტყმა დიდი შეცდომა იყო, საპასუხო ზომებს მიმართავს და თუ ირანის ენერგოობიექტებზე თავდასხები გაგრძელდება, სპარსეთის ყურეში აშშ-ის მოკავშირეთა ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას გაანადგურებენ.
ირანის ძალებმა კატარში სარაკეტო შეტევა მიიტანეს რას-ლაფანის სამრეწველო ცენტრზე, სადაც ნავთობის და გაზის ობიექტებია.
კატარის მთავრობამ ირანის იერიშს სუვერენიტეტის დარღვევა და პირდაპირი საფრთხე უწოდა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ირანის საელჩოს სამხედრო ატაშე, უსაფრთხოების საკითხთა ატაშე და მათი ოფისების თანამშრომლები და მოსთხოვა, რომ კატარის ტერიტორია 24 საათში დატოვონ.
საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 18 მარტს საჰაერო თავდაცვამ დედაქალაქ ელ-რიადის თავზე მოიგერია რვა ბალისტიკური რაკეტა, რომელთა ნამსხვრევები ჩამოცვივდა სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან, დაშავდა ოთხი ადამიანი.
არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლების ინფორმაციით, რაკეტების მოგერიებით გამოწვეული „ინციდენტების“ გამო მუშაობა შეაჩერა ჰაბშანის გაზის გადამამუშავებელმა ობიექტმა. შეტევა იყო მურბან-ბაბის ნავთობის საბადოზეც.
სიახლეები
- ,,საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზის მოთხოვნებს, 15 000-მდე აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა დაეკისრებათ” – აშშ-ის საელჩო
- სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე დაესწრება
- ილია მეორის პატივის მისაგებად ქუთაისიდან უფასო ტრასნპორტი შაბათ დღეს დაინიშნა
- სამების ტაძარში პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება
- ,,BBC-მ წარმოუდგენელი რამ გააკეთა – ეს აღარ არის უბრალოდ „ფეიკი“- დონალდ ტრამპი