ბროწეულის სამკურნალო თვისებები და როგორ შევარჩიოთ კარგი ნაყოფი
ბროწეული ბუჩქი ან ტანდაბალი ხეა. აქვს ტყავისებრი ფოთლები, რომელთაგან ზოგი დიდია, სურისებრი. ყვავილობს მაის-აგვისტოში. დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს ისხამს ნაყოფს, სრულ მოსავალს მეშვიდე-მერვე წელს იძლევა. კარგი მოვლისას ერთი ხის მოსავალი 50-60 კილოგრამს აღწევს.
ბროწეული ნიადაგისადმი ნაკლებ მომთხოვნია, კარგად ხარობს ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ღრმა თიხნარ ნიადაგებზე. ყინვაგამძლეა, ველურად იზრდება მცირე აზიის, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთის, ირანის, ამიერკავკასიის მთიან რაიონებში; საქართველოში - ივრის, ალაზნისა და მტკვრის ნაპირებზე და დასავლეთის ზოგიერთ რაიონში. ბროწეულის ნაყოფს ნედლად იყენებენ. წვენისაგან, რომელიც 8-19% შაქარს, 0,3-9% ლიმონის მჟავას, ტანინსა და C ვიტამინს შეიცავს, ამზადებენ სიროფს, სასმელებს, სანელებელს.
ბროწეულის ღეროს, ტოტებსა და ფესვებს, ალკალოიდებით მდიდარ გამხმარი ქერქის ნახარშსა და ექსტრატს სამკურნალოდ იყენებენ. ნაყოფის კანით ზოგჯერ კოლიტს მკურნალობენ. ფოთოლი, ფესვისა და ღეროს ქერქი, ნაყოფის კანი დიდი რაოდენობით (32%-მდე) შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, რომლებიც იხმარება ტყავის წარმოებაში და საღებავების დასამზადებლად. წითელი, ყვითელი ან თეთრი ბროწეული გამოყენებულია დეკორატიულ მებაღეობაში.
ბროწეულის ნაყოფში არის C და PP ვიტამინები, ბევრი სასარგებლო მინერალური ნივთიერება და მაკროელემენტი. კალიუმის შემცველობით ბროწეულის წვენი ლიდერია. გარდა ამისა, მასში არის რკინა და კობალტი, რომელიც აუცილებელია სისხლწარმოქმნის პროცესისთვის. ბროწეულს შეუძლია გააუმჯობესოს ხორციდან რკინის ათვისება. სამხრეთის ქვეყნებში, ისევე როგორც ჩვენში, ბროწეულის მარცვლებსა და წვენს კულინარიაში იყენებენ.
როგორ შევარჩიოთ კარგი ნაყოფი?
ბროწეულის კანი უნდა იყოს სუფთა, პრიალა, გლუვი, თანაბრად შეფერილი, მუქი წითელი, ხელის დაჭერისას უნდა იდრიკებოდეს. ნუ შეიძენთ კანდახეთქილ ნაყოფს. სახლში მიტანისას გადაავლეთ წყალი და გაფცქვენით სუფთა დანით, რომ ბაქტერიები შიგნით არ შეიტანოთ. ბროწეულის ნაყოფი ზამთარშიც შეიძლება შევიძინოთ. თუ შენახვის წესებს დავიცავთ, მას არათუ არ მოაკლდება - მოემატება კიდეც სასარგებლო თვისებები, მწკლარტე გემოს დაკარგავს, ხოლო ვიტამინებსა და ყველა სასარგებლო ნივთიერებას შეინარჩუნებს.
სიახლეები
- 5 ყველაზე გავრცელებული, გამაღიზიანებელი ფაქტორი, რომლებიც მაღალი IQ-ს მქონე ადამიანებს აბნევს
- "საერთაშორისო იურისდიქციის ქვეშ არჩევნების მოთხოვნა არის საჩუქარი „ოცნებისთვის“ - გიორგი გახარია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 31 ოქტომბრისთვის
- "საგამოძიებო ორგანოს თვითონ უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები, პროკურატურას ვურჩევდი, შეუდგეს თავის საქმეს" - პრეზიდენტი
- "პუტინის წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ არის, საქართველოში ბევრი რუსია" - ზელენსკი