ამ გვერდის ამობედვა

"ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი

საქართველოში 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. აღნიშნულ არჩევნებში კი „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატად დავით ერემეიშვილი დაასახელა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია ის მერის პირველი მოადგილე, შემდეგ კი - ორჯერ მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

რა ხედვები და სამომავლო გეგმები გაქვთ ქუთაისთან დაკავშირებით? რა პრობლემებია ქალაქში და როგორ შეიძლება გამოსწორდეს? - ამ და სხვა საკითხებზე  FirstNews.ge -ს ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი ესაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს:

 

- როგორი გზა გაიარეთ ქუთაისის მერობის კანდიდატობამდე? გვიამბეთ თქვენს შესახებ

- ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე.  კონსტანტინე ლესელიძის სახელობის სპეციალიზირებული სამხედრო სკოლის დასრულების შემდეგ, მივიღე უმაღლესი ეკონომიკური და იურიდიული განათლება. წლების მანძილზე ვმუშაობდი ფინანსთა სამინისტროს სხვადასხვა სამსახურში, საბანკო სექტორში.

ქუთაისი ჩემი სამი შვილის და ერთი შვილიშვილის მშობლიური   ქალაქია. აქ ყველა უბანი, ყველა ქუჩა ნაცნობია. პირადად ვიცნობ ქუთაისელთა უმრავლესობას და ეს ყველაფერი განაპირობებს ჩემს დამოკიდებულებებს ქუთაისისა და ქუთათურების მიმართ.

 

- იყავით მერის პირველი მოადგილე, შემდეგ ორჯერ მერის მოვალეობის შემსრულებელი - კონკრეტულად, რა პასუხისმგებლობების აღება გიწევდათ და როგორი გამოწვევა იყო ეს თქვენთვის?

 

- 2019 წელს დავინიშნე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ. 2020 წელს და 2024 წლიდან დღემდე ვასრულებ ქუთაისის მერის მოვალეობას. ვფიქრობ, საინტერესო პერიოდში მომიწია ამ პასუხისმგებლობის აღება. როგორც მერის პირველი მოადგილე, ყველა იმ საქმის კურსში ვიყავი, რაც ხორციელდებოდა თუ დაგეგმილი იყო ჩვენს ქალაქში. ამიტომაც, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა  ინფრასტრუქტურულ, კულტურულ-საგანმანათლებო პროექტებსა თუ სოციალურ პროგრამებზე მუშაობა.

 ამ პერიოდში შევძელით და ბოლომდე მივიყვანეთ ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწესრიგება, საყრდენი კედლების მოწყობა გაფრინდაშვილის, მწვანეყვავილას, წერეთლის ქუჩებზე. ინტენსიურად მიმდინარეობს ფასადების განახლება, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ქალაქის იერ-სახეს.

უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება საგზაო სამუშაოები. გზები კეთდება ქალაქის იმ უბნებშიც, სადაც აქამდე კაპიტალური გზა ფაქტობრივად არ იყო.

დიდ ყურადღებას ვაქცევთ სპორტული ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ბოლო 2 წლის განმავლობაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჩოგბურთის კორტებს, მე-17 და მე-11 სპორტულ სკოლებს, ხარებავას ქუჩაზე მდებარე სპორტულ დარბაზს, ჯომარდობისა და ნიჩბოსნობის სკოლებს.

ქალაქის სწორად განვითარებისთვის მნიშვნელოვანია რეკრეაციული სივრცეების შექმნა და არსებულის განახლება. ქალაქის თითქმის ყველა უბანში მოვაწყვეთ სკვერები, რომლებიც უკვე იქცა სხვადასხვა ასაკის მოქალაქეების საყვარელ ადგილებად.

ეფექტურია ჩვენი ქალაქის საკრებულოს თანამშრომლობა მერიის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოსთან. ჩვენ ერთად ბევრი სასიკეთო ინიციატივა ვაქციეთ რეალობად. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ცნობილი მოქანდაკის მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკების „მზეჭაბუკის“ ქუთაისში დაბრუნების საკითხი. ქალაქს განსაკუთრებული ხიბლი შემატა ნიკო ნიკოლაძის, ცისფერყანწელების  - ტიციანისა და პაოლოს ძეგლებმა.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროექტი და ინიციატივები ვერ განხორციელდებოდა ცენტრალური ხელისუფლების, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროების, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანადგომის გარეშე. ქალაქის განვითარებაზე საუბარი შეუძლებელია იმ დიდი წვლილის შესახებ, რაც ენერგეტიკული სექტორის უმსხვილეს კომპანიებს „ენერგო პრო ჯორჯიას“, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“, „სოკარ ჯორჯია გაზს“ მიუძღვით. ყოველთვის ჩვენს გვერდითაა ქუთაისის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ბატონი ზაზა ლომინაძე. კერძო სექტორთანაც ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს. კომპანიებს, რომლებმაც განსაკუთრებული თანადგომა გამოიჩინეს სტიქიური მოვლენების დროს, მადლობის სიგელები გადავეცით.

განსკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა მერიის სტრუქტურებში დასაქმებულ ადამიანებს, გუნდურობისა და მაღალი პასუხისმგებლობისთვის, რაც საბოლოო შედეგებზე აისახება.

 

ac726035 c7b0 4235 ad8d 073041bc30ff

 

- როგორ ფიქრობთ, რატომ დაგასახელათ „ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისის მერობის კანდიდატად?

- მიმდინარე წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ვარ ქუთაისის მერობის კანდიდატად. ეს ჩემთვის დიდ პატივთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობაცაა. ქვეყნის მმართველმა პარტიამ გაითვალისწინა ქალაქის აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობის ჩემი ექვსწლიანი გამოცდილება, ის მიღწევები, რაც ამ პერიოდში ჰქონდა ქუთაისს და სწორედ ამ ნიშნით იქნა შერჩეული  ჩემი კანდიდატურა .

 

- ქუთაისზე რომ გვესაუბროთ, როგორ ფიქრობთ რა პრობლემებია ქალაქში და როგორ შეიძლება გამოსწორდეს? რას შეცვლიდით?

- ქუთაისისთვის დღემდე გამოწვევად რჩება დასუფთავების საკითხი. როგორც ცნობილია, მთავრობამ ქალაქს განვითარებისთვის დამატებით გამოუყო 40 მილიონი ლარი, საიდანაც დაახლოებით 14 მილიონი ლარი დაიხარჯება ახალი, თანამედროვე დასუფთავების ტექნიკის შესაძენად. 

მიუხედავად იმისა, რომ შევქმენით მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანია და 70  ერთეულზე მეტი მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს ქალაქში, ეს მაინც ვერ უზრუნველყოფს მგზავრთა შეუფერხებლად  მომსახურებას, ჯერ კიდევ არის უბნები, სადაც მუნიციპალური ავტობუსები თუ მიკროავტობუსები არ მოძრაობს.  ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებითაც.

 

d5f6b759 91b0 40e2 b267 6a8ee5d29c08

 

- რა ხედვები და სამომავლო გეგმები გაქვთ ქუთაისთან დაკავშირებით?

- ქუთაისს ოდითგანვე აქვს ქვეყნის საგანმანათლებლო ცენტრის სტატუსი და მისი განვითარება უნდა მოხდეს იმ პრიორიტეტების შენარჩუნებით, რაც ყოველთვის ჰქონდა ჩვენს ქალაქს. ქუთაისში გვაქვს როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძველი უმაღლესი სასწავლებელი - აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი, ასევე, ყველაზე ახალი და თანამედროვე უმაღლესი განათლების კერა - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. უმნიშვნელოვანესია  თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით განვითარებაც, რასაც ხელს შეუწყობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი ადრონული თერაპიის ცენტრისა და დასავლეთ საქართველოს ტექნოლოგიური ჰაბის ფუნქციონირება.

წაკითხვა 983 ჯერ

სიახლეები