ამ გვერდის ამობედვა

რატომ ჩაერიცხათ ოპოზიციონერ დეპუტატებს ხელფასები

ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის ხელფასის ჩარიცხვასთან დაკავშირებით პარლამენტის აპარატი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში განმარტებულია, რომ თანხა ავტომატურად ჩაერიცხათ მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს, ვისი მონაცემებიც უკვე დაფიქსირებული იყო შესაბამის სისტემაში. 

მათივე თქმით, არსებობს დეპუტატთა კუთვნილი ხელფასის უკან დაბრუნების მექანიზმი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრებს საერთოდ არ სურთ შრომის ანაზღაურების მიღება, მაშინ მათ წერილით უნდა მიმართონ პარლამენტის აპარატს.

 

"მას შემდეგ, რაც მეათე მოწვევის პარლამენტმა წევრთა უფლებამოსილება სცნო, პარლამენტის აპარატმა დეპუტატებს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა. შეტყობინების თანახმად, პარლამენტის აპარატი, მათი კუთვნილი ხელფასის ჩარიცხვის განხორციელების მიზნით, ითხოვდა დეპუტატების საბანკო რეკვიზიტებს. ამას გარდა, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, წერილში მითითებული იყო შესაბამისი საკონტაქტო პირიც. პარლამენტის წევრების მიერ საბანკო რეკვიზიტების არ წარმოდგენის შემთხვევაში, პარლამენტის აპარატი მოკლებული იქნებოდა შესაძლებლობას, განახორციელოს ხელფასის ჩარიცხვის ტრანზაქცია.

 

რაც შეეხება პარლამენტის იმ წევრებს, რომელთაც ჩაერიცხათ ხელფასი, გაცნობებთ, რომ რადგან ისინი ფლობდნენ დეპუტატის მანდატს მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც, მათი რეკვიზიტები უკვე დაფიქსირებული იყო შესაბამის სისტემაში და ხელფასის ჩარიცხვა მასზე დაყრდნობით, კანონის სრული დაცვით მოხდა" - ნათქვამია პარლამენტის აპარატის განცხადებაში.

წაკითხვა 394 ჯერ

სიახლეები