წუხელ პარლამენტთან აქციაზე ათობით დემონსტრანტი დააკავეს
წუხელ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 66 დემონსტრანტი დააკავა. მათ შორის იყო პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. დაკავებულების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმანი ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ამ მუხლებით ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული.
7 მარტს საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო "ხალხის ძალის" წარმომადგენელთა კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ. ის უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების ნაწილი უცხოეთიდანაა მიღებული.
პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე. საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებდნენ აშშ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება პარლამენტთან გააპროტესტა ათასობით ადამიანმა. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს.
დღეს, 8 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.
მასალა განახლდა შსს-ს ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა