"ეს ახალგაზრდა შემსრულებელია, უნდა გაირკვეს, ვინ იყო ორგანიზატორი"- კახა კალაძე ლაზარე გრიგორიადისზე
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლისა და პოლიციის მანქანის დაწვის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ქმედება შეაფასა და მას კანონსაწინააღმდეგო და მიუღებელი უწოდა.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს.
„სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია და ნებისმიერ ადამიანს თუ პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, ამა თუ იმ საკითხზე პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატოს, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში. ამრიგად, თუ რომელიმე ადამიანი ან პოლიტიკური პარტია დაარღვევს კანონს, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება შესაბამისი სამსახურების მხრიდან.
რაც შეეხება აღნიშნული პიროვნების დაკავებას, მას ბრალად ედება ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლა პოლიციის მიმართულებით, რაც კანონდარღვევაა და კატეგორიულად მიუღებელია. ვფიქრობ, გამოძიება უნდა გაგრძელდეს და ასევე უნდა გაირკვეს ორგანიზატორები, თუ ვინ გაუწია ორგანიზება ამ ყველაფერს. აღნიშნული პიროვნება არის შემსრულებელი. მან შეასრულა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და უნდა დაიგმოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება განცხადებებს დაკავებულის ორიენტაციის შესახებ, კალაძე ამბობს, რომ ორიენტაცია მისი გადასაწყვეტია, კანონის წინაშე კი ყველა თანასწორია.
„თუ ვინმეს რაიმე დანაშაული აქვს, ჩვენ ყველამ უნდა დავგმოთ ასეთი ფაქტები, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ვერ განვვითარდებით, ვერ წავალთ წინ, ეს არც ევროპაა, არც ევროპული ღირებულებები და არც ევროპული მომავალი. ეს არის უფსკრული, ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯები“, – განაცხადა თბილისის მერმა.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე 7, 8, 9 მარტს გამართულ გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის შედეგად დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. გამოძიების ცნობითვე, ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.
სიახლეები
- “მადლობა ყველა იმ თბილისელს, ვინც მანდო ამ ქალაქის ბედი; არ დავიღლები იმაზე საუბრით, თუ რამხელა პატივია ჩემთვის, ვემსახურო თბილისს და თბილისელებს” – კახა კალაძე
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლობას აღნიშნავს
- როგორი ამინდია დღეს მოსალოდნელი საქართველოში
- საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა – მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა
- “ქართველი ხალხისთვის ნათელია, რომ ჩვენ მოსახლეობას ვხვდებით, ხოლო ჩვენი ე.წ. ოპოზიცია დადის” - ირაკლი ზარქუა