"ნაცმოძრაობის ლიდერები თვითონ გვეხმარებიან იმაში, რომ ეს პოლიტიკური ძალა საბოლოოდ განეიტრალდეს ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში"
ნიკა მელიას რომ ჰქონდეს თავმოყვარეობა, თვითონ გავიდოდა აქამდე „ნაციონალური მოძრაობიდან“, – ამის შესახებ „ ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რაც შეეხება სააკაშვილს, ის ხედავს, რომ ფული არის კეზერაშვილის მხარეს და შიდაპარტიულ კონფრონტაციაში ძლიერის მხარე დაიჭირა.
„მელია, პრაქტიკულად, აღარც მოიაზრება „ნაცმოძრაობის“ შემადგენელ ნაწილად, თუმცა თავმოყვარეობა არ ჰყოფნის, რომ დატოვოს ეს პოლიტიკური პარტია. რაც შეეხება სააკაშვილს, ის ხედავს, რომ ფული არის კეზერაშვილის მხარეს და ძლიერის მხარე დაიჭირა შიდაპარტიულ კონფრონტაციაში, ეს არის რეალურად სააკაშვილის პოზიციის მიზეზი და საფუძველი. დანარჩენი არაფერი არ არის საინტერესო“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი სულ უფრო მცირდება.
„„ნაცმოძრაობა“ მიდის დაღმა, მისი რეიტინგი სულ უფრო მცირდება, ეს არის მთავარი, და შიდა დაპირისპირებები, რაც არის პარტიის შიგნით, ამის ძალიან კარგი გამოხატულებაა. ვაშაძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობაც იქნება არაჩვეულებრივი ნაბიჯი, რაც, ბუნებრივია, კიდევ უფრო მეტად შეამცირებს „ნაცმოძრაობის“ რეიტინგს. თანდათანობით თვითონ გვეხმარებიან „ნაცმოძრაობის“ ლიდერები იმაში, რომ ეს პოლიტიკური ძალა საბოლოოდ განეიტრალდეს ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში. ჩემთვის ძალიან უინტერესოა ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც მეტი კონფრონტაცია ექნებათ, მით მეტად დააზიანებენ ამ პარტიას, რაც ძალიან კარგია ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის. ასე თუ გააგრძელებენ, ეს იქნება იდეალური“, – განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- "ვეთანხმებით პრეზიდენტ ტრამპს, რომ რუსეთის „დიდი რვიანის“ ფორმატიდან გარიცხვა შეცდომა იყო“ - დიმიტრი პესკოვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 ივნისისთვის
- "მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ჩაუფიქრდეს, რა გააკეთოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის, ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება" - შალვა პაპუაშვილი
- სანტექ.სერვისის ახალი ფილიალი ზუგდიდში
- 15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი