"ბიძინა ივანიშვილის ახირებულ თეზისზე: „ამერიკას შავ ზღვაში რა უნდა“ არის აგებული „ქართული ოცნების" პოლიტიკა"- რომან გოცირიძე
ფაქტობრივად, ცივილიზებულმა ევროპამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთმა, ზურგი აქცია ანაკლიის პორტის პროექტს - ანაკლია გადააქციეთ ჩინური ტვირთის გამტარად,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს ინტერპელაციის წესით, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტზე უსმენენ.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ანაკლიის პორტის პროექტი იყო დაცულობის ერთ-ერთი კომპონენტი.
„ეს იყო ბუფერი, ფარი, რომელშიც იქნებოდა დასავლელი და პირველ რიგში, ამერიკელი ინვესტორი. არაერთხელ გითხრათ, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა, რომ ანაკლია უნდა აშენებულიყო. მაიკ პენსის ჩამოსვლისას ორი თეზისი იყო, უნდა აშენებულიყო ამერიკელი ინვესტორების მიერ, რაშიც დასავლეთი იგულისხმებოდა და არ უნდა ყოფილიყო მასში ჩინური კომპანიები, გამომდინარე იმ პოლიტიკური საფრთხეებიდან, რასაც ჩინეთის პოლიტიკურად ღრმად შემოსვლა ჰქვია რეგიონში. არაფერი გაითვალისწინეთ თქვენ. მქონდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ევროპული კომპანია აპირებდა განაცხადის შემოტანას. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლების მავნებლურმა ქმედებებმა, ანტიუკრაინულმა, ანტიდასავლურმა განცხადებებმა, ფრენების აღდგენამ, თუნდაც ე.წ. აგენტების კანონმა, ქუჩის დიდმა საპროტესტო აქციამ, რომელმაც ხელისუფლება ამხილა, ჩინეთთან ე.წ. სტრატეგიული ურთიერთობის გაფორმებამ, საბოლოოდ დაარწმუნა დასავლელი ინვესტორები, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის დაჭერა არ ღირს. ფაქტობრივად, ცივილიზებულმა ევროპამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთმა, ზურგი აქცია ანაკლიის პროექტს. შესაძლოა, მათ შორის, იაპონიასაც გამოეთქვა ინტერესი, ასევე სხვა ქვეყნებსაც. ანაკლიის პროექტი, ფაქტობრივად, ჩინეთს ჩაუგდეთ ხელში.
ანაკლია გადააქციეთ მხოლოდ ჩინური ტვირთის გამტარად, მას დაუკარგეთ ყოველგვარი დიდი გეოპოლიტიკური კონტექსტი. „ამერიკას შავ ზღვაში რა უნდა“ კონცეფციაზე არის აგებული მთელი "ქართული ოცნების" პოლიტიკა, ბიძინა ივანიშვილის ამ ახირებულ თეზისზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკა და დასავლეთი არ უნდა იყოს საქართველოში, აქ უნდა იყოს რუსეთი“, - აღნიშნა გოცირიძემ.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა