"არსებობს ასეთი გეგმა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნას ლომჯარია-ზურაბიშვილი-გახარიას პოლიტიკური პარტია"
არსებობს ასეთი გეგმა, რაც ჩვენ ვიცით, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნას ლომჯარია-ზურაბიშვილი-გახარიას პოლიტიკური პარტია.
ეს გეგმა არსებობს და ეს ყველაფერი ამას უკავშირდება, თუმცა, რა თქმა უნდა, ყოვლად უპერსპექტივოა ნებისმიერი ასეთი გაერთიანება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან ასევე ისაუბრა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ არასამთავრობო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე და მათ შორის იმ შეხვედრაზეც, რომელსაც ზურაბიშვილი დღეს მართავს ქალ ოპოზიციონერებთან.
„ესეც ზუსტად ამ გეგმას უკავშირდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იგეგმება ასეთი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება საპარლამენტო არჩევნებისთვის. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური პარტია, ისევ და ისევ, შეიქმნება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ფარგლებში. ის ქალბატონებიც, რომლებიც ესწრებოდნენ ამ შეხვედრას, არიან, რა თქმა უნდა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არავითარი პერსპექტივა ასეთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს",- განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე უპასუხა შეკითხვას სალომე ზურაბიშვილის მიერ სამომავლოდ ვიზიტების განხორციელების შესახებ.
„კონსტიტუციას თუ დაარღვევს, არცერთ მის ნაბიჯს უკვე ფასი არ აქვს.ზოგადად ამ ქალბატონმა დაკარგა მთლიანად აქტუალობა. არცერთ მის ნაბიჯს, შესაბამისად, არავითარი ფასი აღარ ექნება.
ზოგადად, სალომე ზურაბიშვილი აღარ არის აქტუალური, მას შემდეგ, რაც იმპიჩმენტის პროცედურა წარიმართა. ის ჩვენთვის მხოლოდ ფორმალურად არის პრეზიდენტი. შესაბამისად, მისი ხელოვნურად აქტუალიზაცია მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. ევროინტეგრაციის გზაზე მას არავითარი, არც უარყოფითი და არც დადებითი როლის შესრულება არ შეუძლია. ეს არის მთავარი", - განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- “მოვუწოდებთ მთავრობას, ეუთოს სადამკვირვებლო მისია მოიწვიოს” - ბრიტანეთის საელჩო
- “ჩემთვის ცნობილი იყო ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ასევე, გზის გაყვანის საჭიროებაზე – ყველანი ვხედავდით, რომ ბორდერიზაციის საფრთხე არსებობდა” - მაია ცქიტიშვილი
- “ირანის რეჟიმის შეცვლა ახლო აღმოსავლეთში ქაოსს გამოიწვევს” - მაკრონი
- აშშ-მა ისრაელში საელჩო დროებით დახურა
- 18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი