"ევროპარლამენტის რეზოლუციებმა კომიკური ხასიათი მიიღო და ჩალის ფასი აქვს" - ირაკლი ზარქუა
ევროპარლამენტის რეზოლუციებმა კომიკური ხასიათი მიიღო და ჩალის ფასი აქვს - კიდევ კარგი, ფოტიგამ აღიარა (რომ მისი ინიციატივაა სააკაშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი), ეტყობა ტრანში გადარიცხულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეც არის საუბარი.
მან ევროპარლამენტის მიერ ადრე მიღებული რეზოლუციებიც გაიხსენა, მათ "არაკომპეტენტური" და "პოლიტიზებული" უწოდა და აღნიშნა, რომ მათი ფასი ნულია.
"სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი და რეალობაა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებმა კომიკური ხასიათი მიიღო და ჩალის ფასი აქვს, სამწუხაროდ გვიწევს ამის თქმა, მაგრამ ფაქტია. შეგახსენებთ, პირველი რეზოლუცია მიიღეს, ყოფილ პრეზიდენტს წამლავენო, ჩაგვიწერეს სანქციები უნდა დავუწესოთო, შემდეგ სტრასბურგმა თქვა, რომ ამაზე არანაირი ფაქტი არ მეტყველებს. მეორე რეზოლუცია იყო მათი, რომ თურმე საქართველო რუსეთისთვის პროდუქციის და ტექნიკის მიწოდების ერთ-ერთ საშუალება არისო, რომ მან სანქციებს გვერდი აუაროსო. ევროპარლამენტარები: ფოტიგები, კუბილიუსები, რაისები და რასები, რამდენნი არიან, ვინ ჩამოთვლის, გახსოვთ, როგორ გვამუნათებდნენ. გამოვიდა თეთრი სახლის წარმომადგენელი და თქვა, რომ არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება საქართველოს სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენების თვალსაზრისით.
ეს რეზოლუციები სამარცხვინო ლაქად დარჩა ევროპარლამენტის ისტორიაში და ახლა გამოაცხვეს კიდევ ახალი. კიდევ კარგი, ქალბატონმა ფოტიგამ აღიარა (რომ მისი ინიციატივა იყო ჩანაწერის დამატება), ეტყობა ახალი ლობისტური (კამპანია) ამოქმედდა, ახალი ტრანში გადარიცხულია ეტყობა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავიგებთ ამერიკაში მოქმედი "რუსული კანონით", რომელსაც "ფარა" ჰქვია, მივიღებთ ამით ინფორმაციას, რამდენი გადაირიცხა, რომ ფოტიგას ეს ინიციატივა გასულიყო ევროპარლამენტში,"- განაცხადა ზარქუამ.
სიახლეები
- "საქართველოს მთავრობის მეთაურთან ნათლად ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომაა და არ უნდა იქნას მიღებული" - ოლაფ შოლცი
- "ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ 10-მდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას" - პრემიერი
- "სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი" - კახა კალაძე
- "დღეს, თბილისსა და სხვადასხვა კუთხეში ასობით ათასი მოქალაქის გამოსვლით, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა" - შალვა პაპუაშვილი
- "დიდი მნიშვნელობა არ აქვს გაიწვევენ თუ არა ამ კანონს, რადგან მთელი სურათი შემაშფოთებელია" - პრეზიდენტი