კომიტეტმა „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით 67 წამში განიხილა და მიიღო
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. პარლამენტის შენობის გარშემო მობილიზებული პოლიციის გამო, ოპოზიციის დეპუტატებმა სხდომაზე დროულად შესვლა ვერ შეძლეს. სხდომას ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების გარდა, ესწრებოდა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომაზე განმარტა, რომ მესამე მოსმენის ფარგლებში კანონპროექტში შინაარსობრივი ცვლილებები არ განიხილება, შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ცვლილებები.
„შეკითხვა, შენიშვნა, მოსაზრება ხომ არ გაქვთ? შეკითხვა, შენიშვნები, მოსაზრებები არ არის“, - თქვა ოხანაშვილმა, რის შემდეგაც კანონპროექტის მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე გატანის საკითხს კენჭი უყარეს და მიიღეს. კომიტეტის სხდომა 67 წამს გაგრძელდა.
„ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე კომიტეტის სხდომას ასე გამოეხმაურა: „ჯერ გარეთ შეგვაყოვნა პოლიციამ. სხდომა დაიწყო და დასრულდა 1 წუთსა და 7 წამში. ეს იყო წარმოუდგენელი, სამარცხვინო, არალეგიტიმური სხდომა, რომელზეც უმრავლესობის წარმომადგენლებმაც კი ვერ მოასწრეს შესვლა... ეს არის არალეგიტიმური სხდომა“.
მას შემდეგ, რაც პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები მოქალაქეებისთვის გადაკეტა, ხოლო ჩიტაძის ქუჩა მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან გაათავისუფლა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატები ავტომანქანებით შევიდნენ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ეზოში. მათი გამოჩენისთანავე ისმოდა აქციის მონაწილეების შეძახილი: „მონებო! მონებო!“
აქციაზე პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა.
მოქალაქეები პარლამენტთან „აგენტების კანონს“ 12 მაისის 21:00 საათიდან აპროტესტებენ აქციაზე სახელწოდებით: „გავათენოთ საქართველოსთვის!“
სიახლეები
- “თუ ჩვენ ცხოვრებაში ხშირად ვერ ვგრძნობთ ღვთის მაცხოვნებელ ძალას, სწორედ იმის ბრალია, რომ გვაკლია ასეთი რწმენა, რომ ჩვენში ძალიან ცოტაა ასეთი სარწმუნოება” – მეუფე შიო
- ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, მათ შორის 15 ბავშვია
- ”ვისაც სურს არჩევნებში მონაწილეობა, შეუძლიათ, მიმართონ პრეზიდენტს და მიიღონ შეწყალება” – მაია ბითაძე
- სოკოს სალათი
- “ვერ გავიზიარებ ჩემი თანაგუნდელების გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებზე, შესაბამისად, დავტოვე „ლელოს“ პოლიტიკური საბჭო” – ანა ნაცვლიშვილი