"დამოუკიდებლობა ვიზაზე არ იყიდება" - მამუკა მდინარაძე მოსალოდნელ სანქციებზე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „აგენტების კანონის“ მიღების გამო აშშ-დან მოსალოდნელ სანქცირებაზე საუბარს იწოდებს „შანტაჟსა“ და „მუქარის პოლიტიკას“. ფეისბუკში მისი სახელით გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, „დამოუკიდებლობა არანაირ ვიზაზე არ იყიდება“.
„ვიზაზე უარი კი არა, სიკვდილზე წავსულვართ ქართველები, რომლებიც, როგორც ჩანს, ვერა და ვერ გაგვიცნეს!.. საბოლოო ჯამში ყველას მოუწევს ელაპარაკოს ქართველ ხალხს და მის მიერ არჩეულ, და არა გარედან დანიშნულ ხელისუფლებას!“ - წერია მდინარაძის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე.
23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”.
ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათი ოჯახის წევრებსაც. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის. გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას.
მიზეზი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, მათ შორის „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა". ამასთან, აშშ-ში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ „ქართული ოცნება" კანონზე უარს იტყვის.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს