„ქართული ოცნება“ ლგბტ უფლებების შემზღუდავ ახალ კანონპროექტს აინიციირებს
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა.
პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონპროექტების პაკეტი შედგება ერთი ძირითადი კანონპროექტისგან - „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან, რომელთა მეშვეობით ცვლილებები შედის სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ.
პარლამენტის სპიკერმა მედიას გააცნო 19 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტის ძირითადი ასპექტები:
1. ქორწინების საკითხი - დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ქორწინებით დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება, არ იქნება კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის.
2. შვილად აყვანის საკითხები - დაუშვებელი იქნება იმ ადამიანების მიერ შვილის აყვანა, რომლებიც თავიანთ თავს განსხვავებული სქესს მიაკუთვნებენ ან არ არიან ჰეტეროსექსუალი ადამიანები.
3. სქესის შეცვლის ოპერაცია - აიკრძალება სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან სხვა სახის მანიპულაციის გამოყენება.
4. სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტებში სქესის მითითების საკითხი - აკრძალული იქნება პირადობის დამადასტურებელ ან სახელმწიფოს მიერ გაცემულ სხვა სახის დოკუმენტში ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება.
5. „პროპაგანდის აკრძალვა“ განათლების სექტორში - დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლგბტ პროპაგანდის წარმოება, კერძოდ, ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
6. ინფორმაციის გავრცელება - დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ეს აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ არ იქნეს დაშვებული ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ინტიმური ურთიერთობების ამსახველი სცენის ან ინცესტის სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება. ასევე აკრძალული იქნება იმავე შინაარსის რეკლამა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე