" საქართველო შესაძლოა, ძალიან დიდხანს დარჩეს ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში " - ესტონეთის ელჩი
საქართველო შესაძლოა, ძალიან დიდხანს დარჩეს ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში. ჩვენ ყველა არგუმენტი მივაწოდეთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, თუნდაც მათ თქვან, რომ ლეგიტიმური არგუმენტები არ გაუგიათ, - ამის შესახებ საქართველოში ესტონეთის ელჩმა რიინა კალიურანდმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
დიპლომატის თქმით, ევროკავშირი შეშფოთებულია პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღებით და ის ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს.
„როდესაც ეს კანონი პარლამენტში გამოჩნდა ერთი წლის წინ, ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ამ კანონს შედეგები მოჰყვებოდა, რადგან ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს, ჩვენს ღირებულებებს და დემოკრატიულ საზოგადოებას, რადგან ის საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის დემონიზებასა და სტიგმატიზაციას ახდენს. ჩვენი გზავნილი იყო ძალიან მკაფიო, თუ ეს კანონი მიიღება, ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ჩვეულ საქმიანობას საქართველოსთან, რადგან ეს არის ნაბიჯი, რომელიც შეგნებულად გადაიდგა იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რისი გაკეთებაც ჩვენ გირჩიეთ“, - განაცხადა ელჩმა.
დიპლომატის თქმით, ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს იმის შიში, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მათ საფრთხეს უქმნიან. მისი თქმით, ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
„ესტონეთში არის ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია. ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ფინანსდება სხვა ქვეყნებიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან. ჩვენ არ გვეშინია, რომ ისინი ძირს უთხრის ჩვენს დემოკრატიას. სამოქალაქო საზოგადოების როლი არის კრიტიკული იყოს მთავრობისა და პარლამენტის საქმიანობის მიმართ და დააყენოს კრიტიკული საკითხები. თუ თქვენ ხართ კონსოლიდირებული და ძლიერი დემოკრატია და ხართ სამართლიანად არჩეული მთავრობა და პარლამენტი, თქვენ არ უნდა ინერვიულოთ იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოება რამენაირად შელახავს თქვენს ლეგიტიმაციას. ორივე მხრიდან შეიძლება იყოს მკაცრი საუბარი, მაგრამ ეს სხვა საშუალებებით უნდა დაიძლიოს და არა რეპრესიული საშუალებებით“, - განაცხადა რიინა კალიურანდმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე