,,დაყარონ იარაღი და თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ"- დავით ცეცხლაძე
რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელმა დავით ცეცხლაძემ კომენტარი გააკეთა კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევით ოპერაციაში ქართველი მებრძოლების მონაწილეობაზე. მან ქართველ მებრძოლებს მოუწოდა, „დაყარონ იარაღი და თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ“.
„ასობით ათასი ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ახორციელებს თავის საქმიანობას ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში. ქართველები რუსეთში, ყველა ერთან ერთად, მშვიდობიანად და მეგობრულად უქმნიან უკეთეს მომავალს შვილებს. კურსკის ოლქში ქართველი ეროვნების დაქირავებულთა გამოჩენა თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ არის მიმართული. მოვუწოდებ უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში მყოფ ყველა ქართველს, დაყარონ იარაღი და დაუბრუნდნენ ოჯახებს! ეს არ არის თქვენი ომი და თქვენ არ ხართ საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში საქართველოს დროშას აფრიალებთ. მე პირადად ჩამოვალ კურსკში და გადავუდგები იმ ტყვიებს, რომლებსაც რუსებს ესვრით“, - განაცხადა ცეცხლაძემ.
ტელეგრამის არხის, „რუსეთის ქართული თემის“ ცნობით, ცეცხლაძე ახლა იმყოფება ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში, საიდანაც კურსკის ოლქში წასვლას აპირებს.
ქართული დიასპორის ხელმძღვანელი აქტიურად თანამშრომლობს რუსეთის ხელისუფლებასთან და ემხრობა რუსეთის ომს უკრაინაში.
კურსკის ოლქში შეტევით ოპერაციაში ქართველი მებრძოლების მონაწილეობის შესახებ ცნობილი გახდა უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელზე, ვიცე-პოლკოვნიკ ვანო ნადირაძეზე დაყრდნობით. გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეო მებრძოლის, გიორგი ფარცვანიას მონაწილეობით, რომელიც გადაღებულია ბელგოროდის ოლქის სოფელ პოროზში.
სიახლეები
- ხობში ავტოავარიას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა
- კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ ღირსების ორდენზე უარი თქვა
- ,,შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციები მის მიერ დაანონსებულ 50-დღიანი ვადაზე ადრე დავუწესოთ" - დონალდ ტრამპი
- უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 23 წლის ვალერი ბაძაღუა
- მასკმა 2022 წელს უკრაინის შეტევის დროს Starlink-ის გათიშვის ბრძანება გასცა