ამ გვერდის ამობედვა

იმპიჩმენტის პროცედურა არ დაეხმარება სამართლიანი არჩევნებისთვის ატმოსფეროს შექმნას - ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, აცხადებს, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ ხელახლა დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურა არ ეხმარება დეპოლარიზაციის შემცირებასა და სამართლიანი არჩევნებისთვის ატმოსფეროს შექმნას.

„ევროკავშირში ჩვენ დემოკრატიის გვჯერა. საქართველო ერთადერთი ქვეყანა არაა, სადაც ე.წ. კოჰაბიტაციური სიტუაციაა, რომელშიც მთავრობასა და პრეზიდენტს განსხვავებული შეხედულებები აქვთ, განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. მე ვარ ქვეყნიდან [პოლონეთი], სადაც ზუსტად მსგავსი ვითარებაა. არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა, შარშანდელიც და ახლაც, დაეხმარება დეპოლარიზაციას და შექმნის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ხელსაყრელ ატმოსფეროს. ამჟამად ეს არის ის, რისი თქმაც შემიძლია“, - თქვა ევროკავშირის ელჩმა.

 

დღეს, 7 ოქტომბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნით, ხელახალ კონსტიტუციურ წარდგინებას მოამზადებს.

 

პაპუაშვილმა იმპიჩმენტის ახალი პროცედურის დაწყების მიზეზად ზურაბიშვილის ევროპის ქვეყნებში ვიზიტები დაასახელა.

 

„კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი, რაც, როგორც პრეცედენტი, შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს მომავალში თვითნებობის თავიდან ასაცილებლად და ქართული დემოკრატიის განსამტკიცებლად“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

წაკითხვა 214 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 07 2024

სიახლეები