"თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
ვფიქრობ, ეს არის გარკვეული პოლიტიკური ვირეშმაკობა, რომ არც მწვადი დაწვას, არც შამფური და ვითომ ოპოზიციაა, - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოზიცია, რომლის თანახმად, პარტია მანდატების შეწყვეტაზე პარლამენტისთვის ამ ეტაპზე მიმართვას არ აპირებს.
ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ამ პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებს.
„ასეთი ამ ერთხელ უკვე გაკეთდა, ახალს ოპოზიცია ვერაფერს გვთავაზობს. 2008 წელს შალვა ნათელაშვილმა მანდატები დახია, მაგრამ მისი გუნდი პარლამენტიდან არ გამოსულა. არათუ არ გამოსულა, ხელფასებსაც იღებდა. გახარია ამ მხრივ ნოვატორი არ არის. რაც შეეხება იმას, რომ ვიღაცები პარლამენტში შევლენ, მათ მოისყიდიან და ასე შემდეგ, თავად გიორგი გახარიამ გააკეთა ისეთი განცხადება, რომელსაც არც მოსყიდვა უნდა - თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. ამ პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ. რატომ უნდა დასჭირდეს თვეები ამ გადაწყვეტილების მიღებას? ვფიქრობ, ეს არის გარკვეული პოლიტიკური ვირეშმაკობა, რომ არც მწვადი დაწვას, არც შამფური და ვითომ ოპოზიციაა. გახარიას განცხადება აბსურდული იყო, რომელიც ოპოზიციაზე საუბრობდა და თავად ფაქტობრივად, პარლამენტში შედის. თუ მას ეშინია, რომ თვითონ პარლამენტს გარეთ დარჩება და ვიღაცები შევლენ, მას შეეძლო ასეთი რამ ეთქვა, ჩვენ ყველაზე ბოლოს დავწერთ განცხადებას, როცა სხვები ამას გააკეთებენო. ოპოზიციამ ერთობლივი განცხადება უნდა გააკეთოს და ერთობლივად მიიღოს გადაწყვეტილება, შედის პარლამენტში თუ არა“, - განაცხადა ძაბირაძემ.
მისი განმარტებით, თუ დანარჩენი პოლიტიკოსები პარლამენტში არ შედიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, ისინი პარლამენტის წევრები არიან და სხდომას არ ესწრებიან.
სიახლეები
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
- ,,ეზოში დამონტაჟებულია დიდი ეკრანები, საიდანაც საზოგადოებას შეეძლება, თვალი ადევნოს კრების მუშაობას” – საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
- ,,წარმოდგენილი სამივე კანდიდატი ეკლესიის და ქვეყნის ერთგულია"- მეუფე ანდრია