ამ გვერდის ამობედვა

აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის პარალელურად, - რომლის მონაწილეებიც არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ, - პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები იკრიბებიან.

 პარლამენტში პირველი სხდომა დღეს, 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყო.

შენობის გვერდითა შესასვლელებთან პოლიციელები არიან განლაგებული და დემონსტრანტებს არ აძლევენ შესასვლელების ბლოკირების შესაძლებლობას. დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტთან ღამე გაათია, ნაწილი კი დილის 9 საათიდან შეუერთდა პროტესტს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, 11:30 საათისათვის, რეგისტრაცია უკვე გაიარეს პარლამენტის შენობაში.

პირველ სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები ესწრებიან - დანარჩენი ოთხი პარტია, რომელთაც ბარიერი გადალახეს, პრეზიდენტის მსგავსად, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, პარლამენტს კი არალეგიტიმურად მიიჩნევს.

„ამ პარლამენტს ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტში გიორგი კახიანმა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა დეპუტატმა. მისი თქმით, ოპოზიციის „არც შემოსვლით და არც არშემოსვლით არაფერი ფუჭდება“.

დღის წესრიგი კი, შალვა პაპუაშვილის თანახმად, ასეთი იქნება:

  1. ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის მოხსენება არჩევნების შედეგებზე;
  2. მისი მოხსენების შემდეგ პარლამენტის/პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობა;
  3. შესვენება - რა დროსაც ყალიბდება ფრაქციები;
  4. შესვენების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის და მოადგილეობის კანდიდატების დასახელება და არჩევა;
  5. მორიგი შესვენება, რა დროსაც ყალიბდება კომიტეტები;
  6. განახლებულ სხდომაზე კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა.

პარლამენტის პირველი სხდომა, - განსხვავებით კონსტიტუციით დადგენილი წესისაგან, - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ დაუნიშნავს.

იგი სხდომას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სამი არგუმენტით, - როგორც ეს პლატფორმა X-ზე დაწერა 24 ნოემბერს:

  1. „არჩევნების მასობრივად გაყალბებამ ძირი გამოუთხარა მის ლეგიტიმურობას;
  2. მე უარი განვაცხადე პირველი სესიის მოწვევაზე და კონსტიტუცია არ ცნობს ვინმე სხვის უფლებამოსილებას საამისოდ;
  3. მივმართე საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია“.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალ მთავრობაში სამი მინისტრი იცვლება:

  • საგარეო საქმეთა მინისტრი: მაკა ბოჭორიშვილი ჩაანაცვლებს ილია დარჩიაშვილს.
  • იუსტიციის მინისტრი: ანრი ოხანაშვილი ჩაანაცვლებს რატი ბრეგაძეს.
  • სოფლის მეურნეობის მინისტრი: დავით სონღულაშვილი ჩაანაცვლებს ოთარ შამუგიას.
წაკითხვა 165 ჯერ