“ჩვენ გვინდა მშვიდობის შენარჩუნება, ეს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნაა და ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ქართული საზოგადოების წინაშე” - ირაკლი კობახიძე
უკრაინის მთავრობა უმაღლეს დონეზე მოითხოვდა ჩვენგან რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კითხვაზე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას შეეხებოდა საქართველოსთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არ სურს ზელენსკის უპასუხოს, რადგან ის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტია.
„არ მინდა, ბატონ ზელენსკის ვუპასუხო, რადგან ის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტია. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ უკრაინის მთავრობა უმაღლეს დონეზე მოითხოვდა ჩვენგან რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას. მაგალითად, შემიძლია შეგახსენოთ უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ზელენსკის მთავარი მრჩევლის და სხვა მრავალი ადამიანის განცხადებები. ისინი აშკარად, ძალიან ნათლად მოითხოვდნენ ჩვენგან რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას და ჩვენ უარი ვთქვით. ამ შემთხვევაში ფაქტები ასეთია".
კითხვაზე, თუ რატომ თქვა უარი საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვაზე, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას სურს მშვიდობის შენარჩუნება, რადგან ეს ქართული საზოგადოების მოთხოვნაა და ხელისუფლება პასუხისმგებელია, სწორედ, საზოგადოების წინაშე.
„ეს იყო მკაფიო განცხადება საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეს ქვეყანას სრულად გაანადგურებდა. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ოთხ მილიონზე ნაკლები მოსახლეობით. ჩვენ ამ ქვეყანაში მრავალი ომის წინაშე აღმოვჩნდით, ბოლო 35 წლის განმავლობაში, ოთხი სხვადასხვა ომის, ოთხი განსხვავებული ომის. ჩვენ გვინდა მშვიდობის შენარჩუნება და ეს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნაა და ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ქართული საზოგადოების წინაშე, რომელსაც სურს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება".
სიახლეები
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი
- ,,ყველამ დაინახა, რომ „ბი-ბი-სი”-ზე გავრცელებული ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი"- ირაკლი კობახიძე