„ოცნების“ დეპუტატის მობილურის გადაღების გამო „ფორმულის“ ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერეს
პარლამენტმა ტელეკომპანია „ფორმულის“ ჟურნალისტ თიკო ერაძეს აკრედიტაცია შეუჩერა ერთი თვის ვადით. მიზეზი პლენარულ სხდომათა დარბაზში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ეკა ჭიჭინაძის მობილური ტელეფონის ჟურნალისტის მიერ გადაღებულ კადრში მოხვედრაა.
გუშინ, 12 ნოემბერს, თიკო ერაძემ ჟურნალისტებისთვის გამოყოფილი ლოჟიდან გადაიღო დეპუტატი ჭიჭინაძე, რომელიც დემონსტრაციულად, ტელეფონით უსმენდა ვიდეოჩანაწერს. ამ კადრის გადაღება შეეძლო ნებისმიერ ჟურნალისტს, რომელიც თიკო ერაძის მსგავსად იმ დროს პლენარულ სხდომათა დარბაზში მუშაობდა.
„მედიისთვის განკუთვნილი ადგილიდან ნებართვის გარეშე გადაიღეთ პარლამენტის წევრის, ეკა ჭიჭინაძის მობილური ტელეფონის ეკრანი“, - მისწერა დღეს, 13 ნოემბერს, თიკო ერაძეს პარლამენტის აპარატის უფროსმა კახა ოქროჯანაშვილმა.
ჟურნალისტი თიკო ერაძე გუშინვე ეჭვობდა, რომ ეკა ჭიჭინაძისთვის ვიდეოს გადაღების გამო აკრედიტაციას შეუჩერებდნენ. ჟურნალისტმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებშიც, მისი ვარაუდით, სწორედ ეს პროცესი იყო ასახული.
ახლა გეტყვით, რა ხდება ამ ვიდეოში - ეკა რეკავს და არკვევს, როგორ უნდა შემიჩეროს აკრედიტაცია, რადგან პარლამენტში ვიდეოებს ვუღებ... აგერ მე და აგერ თქვენ, დაველოდოთ, რა მოხდება. თავს დავდებ, რომ ეგრეა, თან ნიშნის მოგებით მიყურებს“, - წერდა თიკო ერაძე ფეისბუკში.
საქართველოს პარლამენტმა უსაფრთხოების ზომები გასულ წელს, 15 აპრილს, ე.წ. აგენტების კანონის განხილვის დაწყების პარალელურად გაამკაცრა. ამ დღეს საკანონმდებლო ორგანოში სრულად შეიზღუდა ვიზიტორების შესვლა, პარლამენტიდან მუშაობის უფლება არ მიეცათ ონლაინმედიის ჟურნალისტებს. სადავო კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენისა და გაშუქების შესაძლებლობა არ მიეცათ არც იმ ჟურნალისტებს, რომლებსაც თავად პარლამენტის მიერ გაცემული აკრედიტაცია აქვთ.
ამ რეგულაციით არაერთ ჟურნალისტს შეუზღუდეს პარლამენტში მუშაობა კრიტიკული კითხვის დასმისა თუ ვიდეოკადრის მაშინ გადაღების დროს, როცა ამის სურვილი რესპონდენტს არ ჰქონდა. ეს შეზღუდვები არასდროს გავრცელებულა პროსახელისუფლებო ჟურნალისტებზე.
სიახლეები
- ,,ამჯერად ციხე მთლიანად გავსებული დამხვდა - ბევრად მეტი ბადრაგი დამყვება ვიდრე ადრე"- მიხეილ სააკაშვილი
- გიორგი გახარიას სასამართლო პროცესზე ჩართვის სურვილი აქვს
- სამართალდამცველებმა არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობისა და ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირები დააკავეს
- ქვემო ქართლის პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით დაემუქრა
- 13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი