"სააკაშვილის გარეშე ეს ალიანსი არ არსებობს, ის არის მთავარი სახე, მაგრამ ცდილობენ, ალიანსი წარმოაჩინონ ისე, თითქოს, პლურალიზმია"
სააკაშვილის გარეშე „ოპოზიციური ალიანსი“ არ არსებობს - სააკაშვილი არის მთავარი სახე, მაგრამ ცდილობენ, ალიანსი წარმოაჩინონ ისე, თითქოს, აქ პლურალიზმია, თითქოს, ზოგი ემიჯნება წარსულს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, რომ ქვეყნის მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ ალიანსს გარკვეულწილად გაემიჯნებოდა.
ვოლსკის თქმით, შეიძლება პიროვნულად ერთმა მეორეზე რამე თქვას, „ჭორი წამოროშოს“, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის „კოლექტიური ნაცმოძრაობა", რომელსაც აქვს სააკაშვილის სახე.
„აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, რომ სააკაშვილი გარკვეულწილად გაემიჯნებოდა ამ ალიანსს, რათა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც გაცნობიერებული აქვს ის დანაშაულები, რაც სააკაშვილის პერიოდში მოხდა, არ სურს, რომ იყოს ამ ალიანსის მხარდამჭერი, მაგრამ ვითომ ეს ალიანსი აერთიანებს ისეთ ადამიანებს, საიდანაც ზოგი უპირისპირდება, ზოგი აქებს და ზოგი კიდევ მონური მორჩილებით იჩენს თავს სააკაშვილის მიმართ და ესენი ერთად არიან ერთი „ქართული ოცნების” წინააღმდეგ - ასეთი სურათის შექმნა სურთ. აქეთ მიდის მათი სტრატეგიული გეგმა და ამოცანა და საზოგადოებას ეუბნებიან, რომ გაერთიანდით ყველა, ვინც თავს ოპოზიციონერს უწოდებს. მაგრამ ფაქტი არის, რომ ეს არის „კოლექტიური ნაცმოძრაობა". არავინ არასდროს გამიჯვნია არც სააკაშვილს, არც ერთმანეთთან ჰქონიათ რაიმე სხვაობა ან პოლიტიკაში, ან თუნდაც საერთო საკაცობრიო თუ ჩვეულებრივ ყოველდღიურ საკითხებზე. შეიძლება პიროვნულად ერთმა მეორეზე რამე თქვას, ჭორი წამოროშოს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის "კოლექტიური ნაცმოძრაობა" და ამ კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" აქვს სააკაშვილის სახე და გადაფარულია ყველაფერი იმ სისხლითაც, იმ ქმედებებითაც, რომელმაც საქართველოში ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დატოვა. სააკაშვილის გარეშე ეს ალიანსი არ არსებობს. ალიანსი არის სააკაშვილთან ერთად. სააკაშვილი არის მთავარი სახე, მაგრამ ისინი ცდილობენ, საკუთარი ალიანსი წარმოაჩინონ ისე თითქოს, აქ პლურალიზმია, თითქოს აქ ზოგი ემიჯნება იმ წარსულს, რასაც ჩვენ სამართლიანად სისხლიან წარსულს ვეძახით, ზოგიერთი თითქოს ახლებურად უდგება თემას, მაგრამ ძირითადი ყველა ის შემადგენელი სტრუქტურა, ერთეული თუ ადამიანთა რესურსი იყო ჩართული იმ დანაშაულებში, რომელსაც სააკაშვილთან ერთად და მის გუნდში ჩადიოდნენ. განსხვავება დამისახელეთ და მაშინ შეიძლება გავაგრძელოთ მსჯელობა. ეს არის განზრახ შემოტანილი თემა, თითქოს, აქ სხვადასხვა აზრი არსებობს სააკაშვილის რეჟიმთან მიმართებაში, მის მიერ ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებაში," - განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებას გამოეხმაურა.
„მე ყოველთვის ვიყავი და ვარ ერთობის მომხრე, მაგრამ თუ ეს ერთობა იმდენად მყიფეა, რომ ყველაფერზე ძალიან ადვილად წყობიდან გამოდის და აპირებს მე ცენზურა დამიწესოს, მას ძალა ვერ ექნება რეჟიმთან ბრძოლისთვის. ცენზურა არ მიმიღია დიქტატურისგან, თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებისგან და რუსეთისგან. მეგობრებო, გაასწორეთ თქვენი სამიზნე, დროა გავთავისუფლდეთ ჩემი კომპლექსისგან და საქმეზე კონცენტრირდეთ ბოლომდე და თუ რამე არ გამოგდით, ის კი არ უნდა თქვათ მიშა გვიშლის ხელსო, არამედ კიდევ უკეთესად იმუშაოთ“, - წერს სააკაშვილი.
მანამდე, „ოპოზიციის ალიანსში“ შემავალი 9 პარტიიდან 8 პარტია: „ახალი“, “გირჩი მეტი თავისუფლებისთვის”, “დროა”, “ეროვნულ დემოკრატიული პარტია", “ევროპული საქართველო”, “თავისუფლების მოედანი”, „სტრატეგია აღმაშენებელი”, “ფედერალისტები”, მიხეილ სააკაშვილის 18 აპრილის საჯარო განცხადებას გამოეხმაურა. მათი განცხადების თანახმად, „პერსონალური თავდასხმები”, როგორადაც ალიანსმაც და საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმაც აღიქვა მიხეილ სააკაშვილის 18 აპრილის განცხადება, ეწინააღმდეგება ალიანსის პრინციპებს, მათ შორის დათქმას, რომ არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 აპრილიდან
- "40 დღე სრულდება, რაც ილია მეორე ზესთასოფელს შეუერთდა, შეგახსენებთ მის სურვილს, თუნდაც ერთი ნაკლოვანება გამოგვესწორებინა, ამას თუ გავაკეთებთ, შეწევნა იქნება ჩვენი და მისი სულისთვის"
- "კობახიძე და მდინარაძე შეიძლება ჩემ გვერდზე საკანში ჩასვან" - ალეკო ელისაშვილი
- "ბავშვების გადარჩენა ზედმეტად ეძვირათ'"- ნიკა გვარამია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 აპრილიდან