ამ გვერდის ამობედვა

"არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი

ჩვენი ვალია, მომავალ თაობას გადავცეთ არა მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, არამედ სულიერად მტკიცე საქართველო - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს, როდესაც მსოფლიო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფასეულობების დაცვა.

 

„გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს. საქართველოს ისტორია გვასწავლის ერთ უმთავრეს ჭეშმარიტებას - იქ, სადაც მტკიცეა ოჯახი, მტკიცეა საზოგადოებაც, მტკიცეა ეროვნული თვითშეგნებაც და მტკიცეა თავად სახელმწიფოც. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ - ომები, შემოსევები, იმპერიების ზეწოლა, სარწმუნოების, ენისა და იდენტობის წაშლის მცდელობები, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო. უპირველეს ყოვლისა, ეს ქართულმა ოჯახმა შეძლო. ოჯახმა, რომელმაც თაობიდან თაობას გადასცა რწმენა, სიყვარული, სამშობლოს ერთგულება და წინაპართა პატივისცემა. წლევანდელ წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს- აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. ეს თარიღი მხოლოდ რელიგიური მოვლენა არ არის. ეს არის ჩვენი ეროვნული იდენტობის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი ცნობიერების საფუძველი. ქრისტიანობამ ქართველ ხალხს მისცა ის სულიერი ღერძი, რომელმაც საუკუნეთა განმავლობაში გაგვაერთიანა, გაგვაძლიერა და გადაგვარჩინა. სწორედ ქრისტიანულმა ფასეულობებმა ჩამოაყალიბა ქართული ოჯახის მოდელი, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, სიყვარულზე, თანადგომასა და პასუხისმგებლობაზე. ოჯახი, სადაც მომავალი თაობა იზრდება, სადაც ბავშვი პირველად სწავლობს, რა არის სამშობლო, რა არის სიკეთე, ღირსება, შრომა და ერთმანეთის პატივისცემა. დღეს, როდესაც მსოფლიო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავიცავთ ის ფასეულობები, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა.

 

სახელმწიფო ძლიერია მაშინ, როდესაც საზოგადოება საკუთარ ფესვებს უფრთხილდება, როდესაც ოჯახი რჩება საზოგადოების მთავარ საყრდენად, როდესაც ტრადიცია და თანამედროვეობა ერთმანეთს კი არ ებრძვის, არამედ ავსებს. ქართული ოჯახი ყოველთვის იყო არა მხოლოდ სოციალური ერთეული, არამედ ეროვნული გადარჩენის ინსტიტუტი. სწორედ ოჯახმა გადაარჩინა ქართული ენა, ქართული სიმღერა, ტრადიციები, ქრისტიანული რწმენა და ეროვნული მეხსიერება. ამიტომ ჩვენი ვალია, მომავალ თაობას გადავცეთ არა მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, არამედ სულიერად მტკიცე საქართველო. ქვეყანა, რომელიც საკუთარ ისტორიას იცნობს, საკუთარ ფასეულობებს უფრთხილდება და მომავალს სწორედ ამ საფუძველზე აშენებს. ამ დღეს განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებთ ჩვენს წმინდა პატრიარქს, ილია მეორეს, რომელმაც 17 მაისი აქცია ერის მთლიანობის, მისი უმთავრესი ფასეულობების, სიწმინდის, ღირსების, ოჯახის, შვილების, სიყვარულისა და ერთობის დღედ. ყველას გლოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს. ღმერთი ფარავდეს ქართულ ოჯახს, ღმერთი ფარავდეს საქართველოს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

წაკითხვა 144 ჯერ